სპეციალური ოლიმპიადის ფინალური მატჩი ფეხბურთში
სპეციალური ოლიმპიური კვირეულის ფარგლებში ქალაქ თბილისის მე-200 საჯარო სკოლის სტადიონზე ფეხბურთში ფინალური მატჩი გაიმართა.
ფინალში ერთმანეთს 198-ე და მე-200 სკოლის გუნდები დაუპირისპირდნენ. ტურნირი მე-200 სკოლის გამარჯვებით 9:4 დასრულდა.
ფინალურ მატჩს ფონდი არველაძის დამფუძნებლები რევაზ და არჩილ არველაძეები დაესწრნენ.
ჩვენი ფონდის ხელმძღვანელებმა გამარჯვებულ და დამარცხებულ გუნდებს სპეციალური პრიზები გადასცეს და მათთან ერთად სამახსვრო ფოტოები გადაიღეს.
საქართველოს სპეციალური ოლიმპიადა უკვე რამდენიმე წელია ფონდი არველაძის პარტნიორი ორგანიზაციაა.
ჩვენი ფონდის ერთ-ერთი დამფუძნებელი არჩილ არველაძე კი სპეციალური ოლიმპიადის კეთილი ნების ელჩია.
აღნიშნული ტურნირის მიზანი სპორტისა და ფიზიკური კულტურის მეშვეობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საზოგადოებასთან ინტეგრაციაა.
საქართველოს სპეციალური ოლიმპიადის პროგრამის განვითარება რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს. ძირითადი მიმართულება კი მასიურობის გაზრდა და ინტეგრაციული პროცესების გაღრმავებაა.
აღნიშნული პროგრამის განვითარება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს პატარა ასაკიდან ეხმარება, რათა მათ ჰქონდეთ ვარჯიშისა და განათლების მიღების საშუალება.
რევაზ არველაძე: “ფონდი არველაძე საქართველოს სპეციალურ ოლიმპიადასთან უკვე წლებია მჭიდროდ თანამშრომლობს. აღნიშნულ ორგანიზაციას დიდი წვლილი შეაქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში. ეს არა მხოლოდ ამ ორგანიზაციის, არამედ თითოეული ჩვენთაგანის ვალია. დღეს დავესწარით ფინალურ მატჩს, ვიხილეთ ბევრი გოლი და სასიამოვნო თამაში. ფონდი არველაძე ყოველთვის იქნება აღნიშნული და მსგავსი ტურნირების მხარდამჭერი.”
ლაშა გოცირელი (საქართველის სპეციალური ოლიმპიადის დამფუძნებელი): “საქართველოს სპეციალური ოლიმპიადა უეფას ეგიდით ატარებს ფეხბურთის კვირეულს. ტურნირში მონაწილეობა 8 საჯარო სკოლის გუნდმა მიიღო. დღეს გაიმართა ფინალური მატჩი, რომელიც მე-200 საჯარო სკოლის გამარჯვებით დასრულდა. მოვუწოდებს ყველა სპორტსმენს, მედიის წარმომადგენელს და საზოგადოების ნებისმიერ წევრს, ჩაერთონ მსგავს ღონისძიებებში, რადგან აღნიშნულ საქმეში მათი თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია.”
წყარო: ფონდი არველაძე