სფფ ინფანტინოს მხარს უჭერს
ფიფა-ს საპრეზიდენტო არჩევნებში უეფა-ს ამჟამინდელ გენერალურ მდივან ჯანი ინფანტინოს მხარდაჭერა არაერთმა ევროპულმა ფეხბურთის ფედერაციამ და სპეციალისტმა განუცხადა. მათ შორის საქართველოს ფეხბურთის ფედერფაციაც აღმოჩნდა, რომლის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ინფანტინოს სპეციალური წერილი გაუგზავნა. აღნიშნული წერილის შინაარსი სფფ-ს ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნდა, რომელსაც აქვე უცვლელად გთავაზობთ:
„საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას კიდევ ერთხელ სურს თქვენს მიმართ ღრმა პატივისცემის გამოხატვა და მადლობის გადახდა თბილი მიღებისთვის ნიონში, უეფა-ს შტაბ-ბინაში.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მხარს უჭერს თქვენს კანდიდატურას ფიფა-ს პრეზიდენტის არჩევნებში, რომელიც 26 თებერვალს, ფიფა-ს საგანგებო კონგრესის ფარგლებში გაიმართება.
გვჯერა, რომ თქვენი ხელმძღვანელობით ფიფა ის ორგანიზაცია გახდება, რომელიც წევრ ფედერაციებს პატივს სცემს, მხარს დაუჭერს და მიზანმიმართულად იმუშავებს ჩვენი სპორტის განვითარებაზე. დარწმუნებული ვართ, რომ თქვენ დიდი ენერგიითა და ენთუზიაზმით მოემსახურებით სპორტს, რომელიც ჩვენ ყველას გვიყვარს და გვაერთიანებს“, – ნათქვამია განცხადებაში.