სფფ-ის აღმასკომის მორიგი სხდომა
დღეს, სფფ-ის ოფისში ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომის დღის წესრიგში სამი საკითხი იყო:
- საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი და პირველი ლიგის კლუბების დაფინანსების შესახებ;
- სამსაჯო საკითხის შესახებ;
- სხვადასხვა
კლუბების დაფინანსების საკითხთან დაკავშირებით, ფედერაციის პრეზიდენტმა აღმასკომის წევრებს გააცნო შექმნილი ვითარება. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ქმედება უპრეცენდენტოა და მსოფლიოში არსად არაა ასეთი პრეცენდენტი, რომ ფედერაცია კლუბებს აფინანსებდეს, პირიქით. თუმცა, შექმნილ ვითარებაში, მთავარია ჩემპიონატი ჩატარდეს და კლუბებმა არსებობა შეძლონ.
აღმასკომი დაეთანხმა ფედერაციის გადაწყვეტილებას, რომ უეფას მხარდაჭერით, სფფ-მ აიღოს კრედიტი, რომელიც ჩვენთვის განკუთვნილი სატელევიზიო უფლებების თანხებით დაიფარება. საკითხის სრულად მოსაგვარებლად და სავალდებულო პროცედურებისთვის სფფ-ს დაახლოებით 2 კვირა დასჭირდება.
აღმასკომის წევრებმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ გაცემულ თანხებზე დაწესდეს კონტროლი, რათა კლუბებმა ის მიზანმიმართულად, განვითარებისთვის დახარჯონ. როგორც კი სფფ საჭირო თანხებს მოიძიებს, აღმასკომი დეტალების დასაზუსტებლად კიდევ ერთხელ შეიკრიბება.
„მსაჯების საქმესთან“ დაკავშირებით, აღმასკომმა დიდხანს იმსჯელა შექმნილ სიტუაციაზე. ყველა შეთანხმდა, რომ უნდა დაელოდონ გამოძიების საბოლოო შედეგებს და საკუთარი გადაწყვეტილება მხოლოდ ამის შემდეგ გამოიტანონ.
სფფ-ის პრესსამსახური