სფფ-ის სამსაჯო კომიტეტის გადაწყვეტილება
დღეს, გაიმართა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო კომიტეტის სხდომა. კომიტეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილა:
1. შსს-ს ანტიკორუფციული სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, კორუფციულ საქმიანობაში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მსაჯების მონაწილეობის შესახებ.
2. შსს-ს ანტიკორუფციული სამსახურის მიერ გავრცელებული მასალა, სადაც ნათლად ჩანს სფფ-ის მსაჯების ჩართულობა კორუფციულ საქმიანობაში, რის გამოც, რვა პიროვნება აყვანილ იქნა წინასწარ პატიმრობაში.
ხანგრძლივი განხილვისა და მსჯელობის შემდეგ, სფფ-ის სამსაჯო კომიტეტმა შემდეგი გადაწყვეტილებები მიიღო:
1. მომხდარი ფაქტის გათვალისწინებით, წინასწარ პატიმრობაში აყვანილ მსაჯებთან ცალმხრივად შეწყდა კონტრაქტი და მათ მსაჯობა აეკრძალათ სამუდამოდ.
2. მომხდარში მონაწილე ფიფა-ს მსაჯის შესახებ ინფორმაცია ოპერატიულად მიეწოდა ფიფა-ს და უეფა-ს, აღნიშნული მსაჯის ფიფა-ს სიიდან გარიცხვის თაობაზე.
კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ, მედიასთან ოფიციალური განცხადება ამის შესახებ კომიტეტის თავმჯდომარემ – სერგო კვარაცხელიამ გააკეთა.
ვინაიდან, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ და სამსაჯო კომიტეტმა ოფიციალური განცხადებები უკვე გააკეთეს, ამ კვირაში კომენტარები აღარ გაკეთდება და დაველოდებით გამოძიების მიმდინარეობასა და მის შედეგებს.
სფფ-ის პრესსამსახური