სფფ-ის XXIII საანგარიშო ყრილობა
დღეს, სასტუმრო „ჰოლიდეი ინ“-ში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისXXIII საანგარიშო ყრილობა გაიმართა.
ყრილობას სფფ-ის გენერალური მდივანი – რევაზ არველაძე უძღვებოდა. სფფ-ის პრეზიდენტი ყრილობას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ესწრებოდა; ამიტომ, ყოველწლიური მოხსენებით დელეგატებისა და სტუმრების წინაშე რევაზ არველაძე წარსდგა. გენერალურმა მდივანმა ისაუბრა ეროვნული ნაკრების შესახებ და კიდევ ერთხელ გაახმოვანა სფფ-ისა და მთავარ მწვრთნელს შორის დადებული შეთანხმება და დავალება – მომავალ შესარჩევ ციკლში ჯგუფში მინიმუმ მე-3 ადგილის დაკავება. რევაზ არველაძემ კმაყოფილება გამოთქვა ასაკობრივი ნაკრებების მუშაობასა და თამაშზე; ისაუბრა სფფ-ისა და უეფას საფეხბურთო აკადემიაზე, მომავალ ეროვნულ ჩემპიონატსა და ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. ასევე, მომავალ წელს, თბილისში გასამართი უეფას სუპერთასის შესახებ.
ყრილობა დღის წესრიგის მიხედვით წარიმართა. სიტყვით გამოვიდა სკ „ზესტაფონის“ პრეზიდენტი – ილია კოკაია. ყრილობამ იმსჯელა კლუბებისთვის ეროვნული ლიცენზირების გამკაცრების შესახებ.
სფფ-ის წესდებაში კი, ერთი ცვლილება შევიდა:
მუხლი 53, იურიდიული ორგანოები
„სადისციპლინო და სააპელაციო კომიტეტების წევრები ინიშნებიან სფფ-ის აღმასრულებელი კომიტეტის მიერ, 2 წლის ვადით. ისინი, ამავდროულად, არ შეიძლება იყვნენ სხვა ორგანოების წევრები.“
ძველი რედაქციით, ამ კომიტეტების წევრები ინიშნებოდნენ 4 წლის ვადით.
სფფ-ის მომდევნო და უკვე საარჩევნო ყრილობა მომავალ წელს გაიმართება.
სფფ-ის პრესსამსახური