სფფ-მ ლაგოდეხის ახალ ბაზაზე მედია-ტური მოაწყო
გასულ შაბათ-კვირას, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ლაგოდეხის ბაზაზე საგანგებო მედია-ტური მოაწყო.
ბაზაზე, რომელიც უნიკალურია თავისი მდებარეობითა და შესაძლებლობებით, ბოლო 1 წელია ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს. ამჟამად, დასრულებულია რეაბილიტაციის მეორე ეტაპი. მედიის წარმომადგენლებმა ბაზა სფფ-ის პრეზიდენტთან და სპორტულ დირექტორთან ერთად დაათვალიერეს და პირველები იყვნენ, ვინც ახლადგარემონტებულ საცხოვრებელ კორპუსში ღამე გაათია.
მთლიანად რეაბილიტირებული და კეთილმოწყობილია საცხოვრებელი კორპუსის ერთი ფლიგელი, კვების ბლოკი, გასართობი და დასასვენებელი ზონები, საპრესკონფერენციო დარბაზი… ბაზა 170 კაცს დაიტევს და შესაბამისად, ერთდროულად 5-6 გუნდის მიღებას შეძლებს.
ძირითადი სარემონტო სამუშაოები დასრულებულია მეორე ფლიგელზეც და გაზაფხულისთვის, შიდა სამუშაოებიც დასრულდება. ამის შემდეგ, ფეხბურთის ფედერაცია უკვე მოედნების მშენებლობას დაიწყებს. ამჟამად, ლაგოდეხის ბაზას ერთი, ბუნებრივსაფარიანი, სტანდარტული მოედანი აქვს, რომელიც გაზაფხულიდან განახლდება – დაიგება ახალი საფარი, განახლდება და მოეწყობა ტრიბუნები. ამის გარდა, ბაზის ტერიტორიაზე გაკეთდება ორი სტანდარტული, ხელოვნურსაფარიანი და ერთიც მინი-მოედანი. როგორც კი ბიუჯეტი დამტკიცდება, მოედნების მშენებლობაც მაშინვე დაიწყება.
სფფ-ის ლაგოდეხის ბაზა იმითაც იქნება სასარგებლო და უნიკალური, რომ აქ შეკრებების გავლას სპორტის სხვა სახეობის წარმომადგენლებიც შეძლებენ, ვინაიდან მოედნების გარდა, ბაზას აქვს დიდი დარბაზი, რითაც მოჭიდავეებიც ისარგებლებენ. ამასთან, მოეწყობა საკალათბურთო დარბაზი და საცურაო აუზი.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ბაზაზე, სხვადასხვა სპორტულ სექციებში უფასოდ ივარჯიშებენ ადგილობრივი ბავშვები.
ლაგოდეხის ბაზის სრული სარეაბილიტაციო პროცესი 2014 წლის ბოლოს დასრულდება.
სფფ-ის პრესსამსახური