საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია საფეხბურთო აკადემიას ხსნის
უეფას მხარდაჭერით საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია საფეხბურთო აკადემიის მშენებლობას იწყებს. ევროპული ფეხბურთის მმრათველი ორგანო აღნიშნულ პროექტს საქართველოს გარდა კიდევ ორ ქვეყანაში ანხორციელებს. ახალ აკადემიაში საფეხბურთო განათლება მთლიანად ევროპული სტანდარტებით წარიმართება.
აკადემია სექტემბერში გაიხსნება, ორშაბათიდან კი სფფ-ს ვებ-გვერდზე სარეგისტრაციო ანკეტა დაიდება. აგვისტოს დასაწყისში მსურველების რაოდენობიდან გამომდინარე იგეგმება ბავშვთა შესარჩევი ტურების მოწყობა მთელი საქართველოს მასშტაბით. თითოეულ ასაკში 20-22 ბავშვი შეირჩევა. ბავშვები აკადემიის ტერიტორიაზე იცხოვრებენ და გარდა საფეხბურთო განათლებისა მიიღებენ უმაღლესი სტანდარტის სამედიცინო უზრუნველყოფასა და შესაბამის აკადემიურ განათლებას.
აღნიშნულ პროექტს ხელმძღვანელები საქართველოს აგვისტოს ბოლოს ესტუმრებიან და ადგილობრივ კადრებთან ერთად გაუძღვებიან პროექტს.
ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით მშენებლობა თბილისთან ახლოს, საგურამოში ან მცხეთაში დაიწყება. საბოლოო გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. აკადემიის შენობა მომავალი წლის პირველ მაისისთვის დასრულდება, მანამდე კი ახალგაზრდა ფეხბურთელები „ბასაზე“ იცხოვრებენ.
უეფას წარმომადგენლები წელიწადში დაახლოებით 120 დღის განმვლობაში იქნებიან საქართველოში და კურირებას გაუწევს სამუშაოების მიმდინარეობას.
აკადემიაში 6 ასაკის ფეხბურთელები ივარჯიშებენ, რომლებიც დაახლოებით 19 წლამდე მივლენ. პროექტი სფფ-ს და უეფას ერთობლივი თანხებით ძალისხმევით ხორციელდება.