სფფ-სთან აქციის მონაწილე: „ამ ხალხის უპასუხისმგებლობის გამო მთელი დღე კომპიუტერებთან გავატარეთ“
23 ივნისს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფისთან გულშემატკივრების აქცია გაიმართა, რომლებიც თბილისში ჩასატარებელ უეფა-ს სუპერთასის ბილეთებთან დაკავშირებულ პრობლემებს აპროტესტებდნენ.
ჩვენი საიტი აქციის ერთ-ერთ მონაწილეს ადგილზე კომენტარი სთხოვა და შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით თავისი აზრის გამოთქვის საშუალება მისცა.
„ძირითადად „ბარსელონას“ ქომეგები მოვედით. ორი დღის განმავლობაში ბილეთებთან დაკავშირებულ ამბავს ვაპროტესტებთ. ძალიან ცუდი სიტუაციაა, იმიტომ, რომ ქართველი ქომაგები ამას დიდი ხნის განმავლობაში ველოდით. მთელი დღე ამ ხალხის უპასუხისმგებლობის გამო კომპიუტერებთან გავატარეთ. მსგავსი დიდი ღონისძიება ასე არ იგეგმება. ეს კი ნამდვილად დიდი ღონისძიებაა. ვითხოვთ, სასწრაფოდ მიიღონ ზომები, რათა დაიწყოს ბილეთების გაყიდვა“, – განაცხადა Fanebi.com-თან საუბრისას აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.