სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია: „ქართული სპორტის დიდი სახეები“
დღეს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პროექტის – „ქართული სპორტის დიდი სახეები” – პრეზენტაცია გაიმართა.
სჟა-ს ინიციატივით და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დახმარებით, ლეგენდარულ ქართველ სპორტსმენებზე მოკლემეტრაჟიანი ფილმები მომზადდა. სამინისტროში ორი ფილმის – „ბორის პაიჭაძე”, „გივი კარტოზია” – პრეზენტაცია გაიმართა.
„ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. სამწუხაროდ, ძველი წარმატებების ამსახველი კადრები ძალიან ცოტა შემოგვრჩა და მიხარია, რომ ამ ფილმების წყალობით მათ გადარჩენას შევძლებთ. ჩვენი სამინისტრო ყოველთვის მხარს დაუჭერს ასეთ წამოწყებას”, – განაცხადა მინისტრმა ლევან ყიფიანმა.
„ჩვენ სპორტს უამრავი გამორჩეული ათლეტი ახსოვს, რომლებიც თამამად შეიძლება მოვიხსენიოთ მსოფლიო სპორტის ვარსკვლავებად. ამ ფილმებზე ავტორთა ძალიან საინტერესო ჯგუფი მუშაობს, რომლებმაც ზედმიწევნით კარგად იციან თემა. ამიტომაც, შემიძლია ყველა დავარწმუნო, რომ ფილმები ძალიან საინტერესოა და მათი ნახვით ასაკოვანი გულშემატკივრები ძველ, ტკბილ დღეებს გაიხსენებენ, ახალგაზრდა ქომაგები კი ლეგენდარულ სპორტსმენთა კარიერას გაეცნობიან”, – განაცხადა სჟა-ს პრეზიდენტმა გია გორგოძემ.
„ქართული სპორტის დიდი სახეები” 20 ფილმს მოიცავს. ბორის პაიჭაძის და გივი კარტოზიას გარდა, უკვე მზადაა ფილმები ჯემალ ცერცვაძის, ომარ ფხაკაძის, ვიქტორ სანეევის, ნონა გაფრინდაშვილის, ძმები ქორქიების და სხვა ლეგენდარული ქართველი სპორტსმენების შესახებ.
ფილმები ყოველ სამშაბათს სილქტივის სპორტულ არხზე, საღამოს 8 საათზე გავა. დღეს გულშემატკივრები პირველი ფილმს – „ბორის პაიჭაძე” იხილავენ.
სამინისტროს პრესსამსახური