სპორტული არხი „სეტანტა“ სილქ ტივის საკაბელო ქსელს ტოვებს

სილქ ტივისა და არხ „სეტანტას“ შორის თანამშრომლობა შეწყდაპარტნიორობის გაგრძელებისთვის საჭირო ხელშეკრულების გაგრძელებამდე 10 დღით ადრე, „სეტანტას“ ხელმძღვანელობამ, სრულიად მოულოდნელად, შეცვალა პირობები და კომპანია „სილქნეტს“ წაუყენა ულტიმატუმი – თანამშრომლობა გაგრძელდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არხის სილქ ტივიში განთავსებისთვის „სილქნეტი“ გადაიხდიდა საფასურის გაოთხმაგებულ ოდენობას.
აღსანიშნავია, რომ 2012 წლის აგვისტოში, “სილქნეტისა” და “სეტანტას” თანამშრომლობის პირველ ეტაპზე, “სეტანტა” ფლობდა პრემიერ ლიგის თამაშების საქართველოში ტრანსლირების უფლებას. დღეს სეტანტა აღარ ფლობს ამ ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ჩემპიონატის გავრცელების უფლებას, რაც კიდევ უფრო გაუმართლებელს ხდის კომპანიის მიერ პირობების ცვლილებას.
მიუხედავად ამისა, არც ერთი წინადადება, რომელიც „სილქნეტმა“ საპასუხოდ გაუგზავნა „სეტანტას“ ხელმძღვანელობას, სამწუხაროდ განხილვის საკითხიც არ გამხდარა.
მსგავსი ტიპის ულტიმატუმი და ბიზნეს მოლაპარაკებისთვის შეუფერებელი სიხისტე მიუღებელია კომპანია „სილქნეტისთვის“. სამწუხაროდ სპორტის მოყვარულთათვის და პირველ რიგში, თავად სილქ ტივისთვის, კომპანია „სილქნეტი“ იძულებულია შეწყვიტოს თანამშრომლობა სატელევიზიო არხ „სეტანტასთან“.
კომპანია „სილქნეტი“ ორიენტირებულია საკუთარი აბონენტებისთვის საუკეთესო მომსახურების შეთავაზებაზე და პირდება სპორტის მოყვარელებს, რომ უახლოეს მომავალში კიდევ უფრო მეტ რეიტინგულ და ექსკუზიურ სპორტულ გადაცემებსა და არხებს შეთავაზებს.
სილქ ტივის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური