სპორტული მედიცინის კლინიკა
შევარდენის სანაკრებო ბაზაზე სპორტული მედიცინის კლინიკა გაიხსნა, რომელიც ტრავმების მკურნალობის განსხვავებული მიდგომითა და სარეაბილიტაციო მეთოდით სრულიად ახალი წამოწყებაა საქართველოში. სპეციალური მოწვევით კლინიკაში ბრიტანელი ოსტეოპათი ედ ბარი იმუშავებს, რომელსაც ძვალ-კუნთოვანი დაავადებების მკურნალობისა და რებილიტაციის უდიდესი გამოცდილება აქვს.
დღეს, 11 თებერვალს შევარდენზე გაიმართა პრესკონფერენცია, რომელზეც მოხდა კლინიკის პრეზენტაცია. მედიასთან კლინიკის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა – ნოდარ ანდღულაძემ, რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ და ედ ბარიმ ისაუბრეს.
პრეზენტაციას საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები – მერაბ კვირიკაშვილი, ლაშა ხმალაძე, დავით კაჭარავა, მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი, რაგბის კავშირისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები, მათ შორის ოლიმპიური ჩემპიონი კახი კახიაშვილი, ვეტერანი ფეხბურთელი არჩილ არველაძე, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი კიკ ბოქსინგში გიგა ჭიკაძე, ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი ასათიანი დაესწრნენ.
ოსტეოპათია გამოიყენება სპორტის ან ყოველდღიური აქტივობების შედეგად მიღებული ტრავმების სამკურნალოდ. მეთოდის უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ ექიმი ხელით ახორციელებს პათოლოგიური პროცესის ლოკალურ დიაგნოსტიკას, რბილი და სრულიად უმტკივნეულო მანიპულაციებით ხსნის დისფუნქციას და დაზიანებულ ორგანოში სწრაფადვე აღადგენს სისხლის ნორმალურ მიწოდებას, რაც პირველივე პროცედურაზე ხსნის ტკივილის შეგრძნებას. აღნიშნული მეთოდი გამოიყენება არა მხოლოდ მკურნალობის, არამედ განმერებითი ტრავმების თავიდან აცილების მიზნით.
2015 წელს საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები მეოთხედ იღებს მონაწილეობას რაგბის მსოფლიო თასზე. მორაგბეების ჯანმრთელობის აღდგენაზე სწორედ სპორტული მედიცინის კლინიკის ოსტეოპათი იზრუნებს. სპორტული მედიცინის კლინიკა მორაგბეებთან და სხვა სპორტსმენებთან ერთად რიგით მოქალაქეებსაც მოემსახურება.
Rugby.GE