სპორტული შეჯიბრებების მანიპულაციების წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე კომისიის სხდომა გაიმართა
26 აპრილს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გაიმართა სპორტული შეჯიბრებების მანიპულაციების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის მეორე სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი მოადგილებთან, შალვა გოგოლაძესთან და რევაზ ჯაველიძესთან ერთად, ასევე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და კომისიის წვერი სხვადასხვა მოწვეული სტუმრები.
სხდომის გამართვის მიზანი იყო უწყებათაშორისი კომისიის კომპეტენციის გაფართოება, მის დებულებაში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტის განხილვა და თემატური ჯგუფების შექმნა კომისიის ამოცანების შესასრულებლად.
უწყებათაშორისი კომისიის შექმნა განპირობებულია საქართველოში სპორტული შეჯიბრებების (განსაკუთრებით, ფეხბურთის მატჩებთან დაკავშირებით) მანიპულაციების გახშირებული ფაქტებითა და აღნიშნულის წინააღმდეგ წარმატებული საერთაშორისო გამოცდილების დანერგვის უზრუნველსაყოფად.
კომისიის ძირითად ამოცანებს შორისაა: სპორტული შეჯიბრებების მანიპულაციასთან დაკავშირებით არსებული პრობლემების შესწავლა და შესაბამისი დასკვნების შემუშავება; მანიპულაციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შესაბამისი ღონისძიებების შემუშავება და მისი განხორციელების მონიტორინგი; სუბიექტებს შორის ინფორმაციის დროული გაცვლა და საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობა; ევროპის საბჭოს კონვენციიდან გამომდინარე, შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებისთვის წინადადებების შემუშავება.
უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარეა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი. კომისიის შემადგენლობაში არიან იუსტიციის, შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეები. კომისიის მუშაობაში ასევე მონაწილეობას იღებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი.
სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური