სქოულზი: “მოურინიო მსაჯებზე ზეგავლენას ისე ვერ ახდენს, როგორც ამას ფერგიუსონი აკეთებდა”
“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა ნახევარმცველმა პოლ სქოულზმა განაცხადა, რომ ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო მსაჯებზე ზეგავლენას ისე ვერ ახდენს, როგორც ამას “წითელი ეშმაკების” ყოფილი თავკაცი ალექს ფერგიუსონი აკეთებდა.
“გასაკვირი არ არის ის, რომ სერ ალექს ფერგიუსონის წასვლის შემდეგ ჟოზე მოურინიო, რომელიც პრემიერლიგის ყველაზე წარმატებული მწვრთნელია, გადაწყვეტილებების მიმღებ პირებზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობს – მსაჯებით დაწყებული ინგლისის ფეხბურთის ასოციაციით დამთავრებული. პრობლემა ის არის, რომ მას ეს არ გამოსდის.
ყველა უმაღლესი დონის მწვრთნელი ცდილობს ზეგავლენის მოხდენას. ამას მოურინიო საკუთარი გუნდისთვის აკეთებს და ეს არ არის გასაკვირი, თუმცა არბიტრები მისი გავლენის ქვეშ არ ექცევიან. მათ არ მოსწონთ, როდესაც ვინმე მსაჯებს რაიმეს გაკეთებაზე უთითებენ.
ვფიქრობ, რომ არბიტრებს არ სურთ, მოურინიოს ზეგავლენის ქვეშ მოექცნენ, თუმცა არც იმას ვამბობ, რომ ვინც შეცდომას უშვებს, ის გავლენის ქვეშაა და მისი ქმედება წინასწარ განზრახულია.
ჩემი ყოფილი თავკაცი სერ ალექსი ნამდვილად ახდენდა არბიტრებზე ზეგავლენას. ჩემი აზრით, ზოგიერთ მსაჯს სურდა, რომ მისთვის თავი მოეწონა. იმას არ ვგულისხმობ, რომ ისინი ჩვენ გვეხმარებოდნენ. მათ სურდათ, შეცდომების დაშვების გარეშე ემუშავათ. არ ვიცი, რის მიღწევას ცდილობს მოურინიო. თუ მას ჰგონია, რომ არბიტრების კრიტიკით საკამათო ეპიზოდებში მსაჯები “ჩელსის” სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებენ, ძალიან ცდება”, – დაწერა სქოულმა “ინდეპენდენტის” საიტზე გამოყოფილ საკუთარ სვეტზე.