სქოულზი: “სიტის” არა კლოპი, არამედ გვარდიოლა ჩაიბარებს”
“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი ნახევარმცველი პოლ სქოულზი აცხადებს, რომ მიუნხენის “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა მოქმედი კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ “მანჩესტერ სიტის” ჩაიბარებს. კატალონიელ სპეციალისტს ბავარიულ კლუბთან შრომითი ხელშეკრულება 2016 წლის ზაფხულში ეწურება. ყოფილი ფეხბურთელი იმაშიც დარწმუნებულია, რომ იურგენ კლოპი, რომელმაც დორტმუნდის “ბორუსიას” დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, ინგლისის პრემიერლიგაში წარმატებით იმუშავებს.
“ეჭვიც არ მეპარება, რომ ინგლისში კლოპის მუშაობა წარმატებული იქნება. საკითხავი მხოლოდ ის არის, თუ რომელ კლუბს ჩაიბარებს იგი. “მანჩესტერ სიტის” ხშირად ახსენებენ, მაგრამ, ჩემი ინფორმაციით, “ქალაქელებს” პეპ გვარდიოლა ჩაუდგება სათავეში. ეს მაშინ მოხდება, როდესაც ესპანელს “ბაიერნთან” მოქმედი კონტრაქტი დაუმთავრდება.
არა მგონია, რომელიმე ბრიტანელ მწვრთნელს შეეძლოს, ჩემპიონთა ლიგაზე ჩვენი კლუბების ლიდერთა შორის დაბრუნება. რა თქმა უნდა, იმედი მაქვს, რომ მომავალში სიტუაცია გამოსწორდება. ჩემს მეგობარ რაიან გიგზზე დიდ იმედებს ვამყარებ. მინდა, მჯეროდეს, რომ ლუი ვან გაალი ერთხელაც “მანჩესტერ იუნაიტედის” მართვის სადავეებს სწორედ გიგზს გადააბარებს, თუმცა შესაძლოა, ეს კლოპი აღმოჩნდეს. მას კარგი ტრანსფერების გაჩარხვა შეუძლია, არ ეშინია იმის, რასაც მასზე წერენ და ამბობენ. “ბორუსიადან” წამყვანი მოთამაშეები წავიდნენ, თუმცა ის ამ პრობლემასაც გაუმკლავდა. ასე რომ, მას პრემიერლიგაში მუშაობაც შეუძლია”, – სქოულზის სიტყვები The Independent-მა გამოაქვეყნა.