სრული კრახი – როგორი შედეგით დაასრულა სეზონი ტომას ლემარმა?
19 ივლისს დასრულდა ლა ლიგის 2019/20 წლების სეზონი გათამაშება, რომელიც მადრიდის “რეალის” გამარჯვებით დასრულდა. სატურნირო ცხრილში მეორე პოზიცია “ბარსელონამ” დაიკავა, ხოლო მესამე – “ატლეტიკომ”.
აწ უკვე განვლილი სეზონი კატასტროფულად ცუდი გამოდგა “ატლეტიკოს” ნახევარმცველ ტომას ლემარისთვის, რომელიც ბოლო მატჩში (1:1 “რეალ სოსიედადთან”) სათადარიგოთა სკამზე იმყოფებოდა.
საქმე ის გახლავთ, რომ ამ უკანასკნელმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონის 22 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ის მოედანზე საშუალოდ 42 წუთს ატარებდა. ამ დროის მანძილზე მან ვერც საგოლე გადაცემის ჩაწერა მოახერხა აქტივში და ვერც გოლის.
გეტყვით იმასაც, რომ “როხიბლანკოს” 70-მილიონიანი შენაძენისთვის სეზონი ანალოგიურად წარუმატებელი გამოდგა ჩემპიონთა ლიგაზეც, სადაც მან 7 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. თუმცა ყოფილ “მონაკოელს” თავის გამოჩენის შანსი, სავარაუდოდ, ნახევარფინალში მიეცემა.