სტერლინგი: “მოხარული ვარ, რომ ყველაფერი ასე დასრულდა”
ახალგაზრდა ინგლისელი შემტევი ნახევარმცველი რაჰიმ სტერლინგი “ლივერპულიდან” “მანჩესტერ სიტიში” გადავიდა. ოფიციალურად არ ცხადდება, თუ რამდენი გადაიხადეს “ქალაქელებმა” 20 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ, თუმცა ის კი ცნობილია, რომ “სიტის” ისტორიაში ეს სარეკორდო ტრანსფერია.
სტერლინგმა მანჩესტერულ კლუბში გადასვლის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.
“საოცარი გრძნობა მაქვს. დღეს ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის შესანიშნავი დღეა. მოხარული ვარ, რომ ყველაფერი ასე დასრულდა. ახლა ერთი სული მაქვს, როდის გავალ საწვრთნელ მოედანზე.
ინგლისის ნაკრებთან ერთად ყოფნისას ჯო ჰარტს ვესაუბრე. მან მითხრა, რომ “მანჩესტერ სიტი” მართლაც კარგი გუნდია, რომელსაც ფანებიც საოცარი ჰყავს.
დიდ მადლობას ვუხდი რაფაელ ბენიტესს, რომელმაც 15 წლის ასაკში “ლივერპულში” მიმიყვანა. მადლობა ბრენდან როჯერსსაც, რომელმაც უმაღლეს დონეზე თამაშის შესაძლებლობა მომცა”, – სტერლინგის კომენტარი “მანჩესტერ სიტის” ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
მხარეებს შორის ხუთწლიანი კონტრაქტი გაფორმდა. რაჰიმ სტერლინგი “მანჩესტერ სიტიში” 7-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.