სტივ ჯერარდი საზღვარგარეთ თამაშზე დაფიქრდა
“ლივერპულის” კაპიტანმა სტივენ ჯერარდმა მზადყოფნა გამოთქვა, რამდენიმე წლის შემდეგ ფრენკ ლამპარდს მიბაძოს და საკუთარი ძალები საზღვარგარეთ გამოსცადოს. ამის შესახებ 34 წლის ინგლისელმა ნახევარმცველმა აშშ-ში ყოფნის დროს განაცხადა, სადაც საერთაშორისო ამხანაგური ტურნირი მიმდინარეობს.
ჯერარდს მერსისაიდულ გუნდთან მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს, თუმცა მომავალში თუ მას რომელიმე უცხოური კლუბი დაუკავშირდება, სტივი წინადადებას განიხილავს.
„არ ვიცი, შესაძლოა ერთხელ მეც ასე მოვიქცე. ეს თემა არასდროს განმიხილავს და არც არავისთვის მითქვამს რაიმე ამ საკითხთან დაკავშირებით. შესაძლოა, ერთხელ მართლაც მოვისურვო “ლივერპულიდან” მცირე ხნით წასვლა, რათა ახალი რამ გამოვცადო.
ვფიქრობ, ფრენკმა შესანიშნავი გადაწყვეტილება მიიღო (“ნიუ-იორკ სიტიში” გადავიდა, – ავტ.). მან საოცარი კარიერა მოიწყო და ინგლისში დასამტკიცებელი აღარაფერი ჰქონდა.
ფრენკმა “ჩელსისთან” ერთად რეკორდები დაამხო და ყველა შესაძლო ტიტული მოიგო. ჩემი აზრით, მან იდეალური გადაწყვეტილება მიიღო“, – ციტირებს ჯერარდის სიტყვებს Four Four Two.
სტივენ ჯერარდს ინგლისის პრემიერლიგის ეგიდით ჩატარებულ 475 მატჩში 111 გოლი აქვს გატანილი.