სტივენ ჯერარდის შვიდი უპატიებელი შეცდომა
ბევრი ფეხბურთს ლეგენდის კარიერაში რამდენიმე უსიამოვნო ეპიზოდის პოვნა შეიძლება. ერთ-ერთი ასეთი მოთამაშე სტივენ ჯერარდია, რომელმაც უპატიებელი შეცდომა გასულ კვირას „მანჩესტერ იუნაიტედთან“ მატჩშიც დაუშვა. გავიხსენოთ სტივი ჯის კარიერის კიდევ რამდენიმე შეცდომა.
გაძევება 1999 წლის მერსესაიდულ დერბიში
ჯერარდი მერსესაიდული დერბის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე და ბომბარდირია, თუმცა როდესაც „ევერტონთან“ შეხვედრების ისტორიას იხსენებენ, ახალგაზრდა სტივი ჯის, ერთი არც თუ ისე სასიამოვნო მომენტი ახსენდებათ. 1999 წლის სექტემბერში დერბი „ლივეპრულის“ მინიმალური სხვაობით მარცხვით დასრულდა, მისი ერთ-ერთი ანტიგმირი სწორედ სტივენ ჯერარდი იყო, რომელმაც ერთადერთი გოლის ავტორის კევინ კემპბელის წინააღმდეგ თამაშის წესი დაარღვია. აღნიშნული მომენტი შეხვედრის მხოლოდ 90-ე წუთზე მოხდა, თუმცა ეს ჯერარდს ვერაფრით გაამართლებს…
ავტოგოლი 2005 წლის ლიგის თასის ფინალში
მას შემდეგ, რაც იონ-არნე რიისემ „ჩელსისთან“ ფინალური მატჩის პირველ წუთზე გოლი გაიტანა, „წითლები“ მოედანზე დომინირებდნენ. თუ 79-ე წუთზე მომხდარ ეპიზოდს არ ჩავთვლით, შესაძლოა, შეხვედრა ლოგიკურად დასრულებულიყო: პაულუ ფერეირამ ბურთი „ლივერპულის“ საჯარიმოში ჩააწოდა, რასაც ჯერარდი გამოეხმაურა და ავტოგოლიც გაიტანა… დამატებით დროში კი მოურინიოს გუნდმა ანგარიშით 3:2 გაიმარჯვა…
ტიერი ანრის მიმართულებით გაკეთებული პასი
მერსესაიდული კლუბის კაპიტნის მადლიერი კიდევ ერთი ლონდონური კლუბის – „არსენალის“ ლეგენდა ტიერი ანრიც უნდა იყოს. 2006 წლის მარტში ჯერარდის არაზუსტ პასს მისი გოლი მოჰყვა, რომლის დახმარებითაც „მეთოფეებმა“ 3 ქულის მოპოვება იზეიმეს.
ტიერი ანრის მიმართულებით გაკეთებული კიდევ ერთი პასი
ორი წლით ადრე ჯერარდმა ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში ტიერი მსგავსი გადაცემით მოამარაგა, რის შემდეგაც მეკარე დევიდ ჯეიმსმა ფრანგი თავის საჯარიმოში წააქცია, მსაჯმა კი პენალტი დანიშნა. თერთმეტმეტრიან ნიშნულთან ზინედინ ზიდანი მივიდა, რომელსაც გოლის გატანა არ გაუჭირდა. ეს ჯგუფური ეტაპის მატჩი იყო, თუმცა, მარცხის მიხუდავად, „ლომები“ 1/4 ფინალში მაინც გავიდნენ.
გადაცემა დიდიე დროგბას
„განუმეორებელი პასების“ გაკეთების უნარი ჯერარდმა რამდენიმე წელიწადშიც გამოიყენა. აღსანიშნავია, რომ სტივი კვლავ „ჩელსისთან“ თამაშში „გამოირჩა“, როდესაც 2010 წელს ყველაფერი გააკეთა, რათა კოტ-დივუარელს „ენფილდზე“ ანგარიში გაეხსნა. ის შეხვედრა „ლურჯების“ გამარჯვებით, 2:0 დასრულდა.
წაქცევა და დემბას ბას გოლი
ზოგადად, „ჩელსისთან“ შეხვედრებში, როგორც ხედავთ, ჯერარდს ყველაზე მეტი შეცდომა აქვს დაშვებული. თუ 2010 წელს „ლივერპულს“ დიდი სატურნირო მიზნები ვერ ექნებოდა, შარშან ყველაფერი პირიქით იყო – მერსესაიდელებს სტივენის კარიერაში პირველ პრემიერლიგამდე სულ ცოტა დააკლდათ. ყველაფერი, შესაძლოა, მათ სასარგებლოდ დასრულებულიყო, რომ არა ჯერარდის მორიგი შეცდომა… ბურთის მიღებისას ის წაიქცა, რის შემდეგაც დემბა ბას სწრაფ კონტრშეტევას მინოლესთან პირისპირ გასვლა მოჰყვა – 0:1…
40 წამში მიღებული წითელი ბარათი
წინა კვირის ბოლოს მომხდარის გახსენება აუცილებელი არ არის. ალბათ, ასე სტივმა იმიტომ ითამაშა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ბოლო შეხვედრაში თავის გამოჩენა ზედმეტად სურდა, საბოლოოდ კი, ყველაფერი პირიქით მოხდა. ალბათ, მსგავსი მიზეზის მიუხედავად, ის თავს უფრო მშვიდად ვერ იგრძნობს, რადგან მსგავსი შეცდობა, როგორც აღვნიშნეთ, სტივმა სარშანაც დაუშვა.
თუმცა, როგორც თასზე, ასევე ჩემპიონატში, ყველაფრის გამოსწორების დრო ჯერ კიდევ არის. ამ ტურნირებზე წარმატების მიღწევის შემთხვევაში, ჯერარდს, შესაძლოა, ცოტა „გულზეც მოეშვას“. ბოლოს და ბოლოს, უშეცდომო საფეხბურთო ლეგენდა მხოლოდ კომპიუტერულ თამაშებში არსებობს. რეალურ ცხოვრებაში კი სასიკვდილო შეცდომა დიდ ადამიანებსაც ექნებათ დაშვებული…