სტივენ ჯერარდმა კარიერა დაასრულა
ინგლისის ნაკრებისა და “ლივერპულის” ყოფილმა კაპიტანმა სტივენ ჯერარდმა პროფესიული კარიერა დაასრულა.
“ახალგაზრდობაში “ლივერპულის” წითელი ფორმის ჩაცმაზე ვოცნებობდი. 1998 წელს, როდესაც ამ გუნდში “ბლექბერნის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში დებიუტი მქონდა, ვერც კი წარმოვიდგენდი, როგორ განვითარდებოდა მოვლენები მომავალი 18 წლის განმავლობაში.
ვამაყობ, რომ “ლივერპულში” 700-ზე მეტი მატჩი ჩავატარე, აქედან უმეტესობა კი კაპიტნის სამკლავურით. გუნდს დიდი წარმატებების მიღწევაში დავეხმარე, რომელთაგან სტამბულში მოპოვებულ გამარჯვებას ვერცერთი შეედრება.
საოცარი კარიერა მქონდა და “ლივერპულში”, ინგლისის ნაკრებსა და “ლოს ანჯელეს გალაქსიში” გატარებული თითოეული მომენტისთვის მადლიერი ვარ”, – ციტირებს ჯერარდის სიტყვებს “ბიბისი”.
სტივენ ჯერარდმა “ლივერპულში” 710 მატჩი ჩაატარა და 186 გოლი გაიტანა, რის შემდეგაც ინგლისელმა აშშ-ს მიაშურა და “ლოს ანჯელეს გალაქსის” ფორმა მოირგო, რომლის რიგებშიც 38 შეხვედრა ჩაატარა და ხუთი ბურთი გაიტანა. ინგლისის ნაკრებში ჯერარდმა 114 მატჩი ჩაატარა და 21 გოლი მიითვალა.
ჯერარდმა “ლივერპულის” რიგებში ჩემპიონთა ლიგა (2004-2005), უეფას თასი (2000-2001) და უეფას სუპერთასი (2001) მოიგო, ორჯერ დაეუფლა ფეხბურთის ასოციაციის თასს (2000-2001), (2005-2006), სამჯერ გახდა ფეხბურთის ლიგის თასის გამარჯვებული (2000–01, 2002–03, 2011–12).