“სტოკ სიტიმ” ტრავმირებულ აირლენდს 6-თვიანი კონტრაქტი გაუფორმა
“სტოკ სიტიმ” ტრავმირებულ ნახევარმცველს, სტივენ აირლენდს 6-თვიანი კონტრაქტი გაუფორმა, რეაბილიტაციის პროცესის დასრულებისა და ძველი ფორმის დაბრუნებისათვის.
შეგახსენებთ, რომ აირლენდმა მთლიანად გამოტოვა პრემიერ ლიგის გასული სეზონი 2016 წლის მაისის თვეში, ვარჯიშისას მიღებული სერიოზული ტრავმის გამო – 30 წლის სტივენმა ფეხი მოიტეხა.
მასსა და “ბრიტანიელთა” შორის არსებული კონტრაქტი 30 ივნისს ამოიწურა, თუმცა კლუბმა მას ხელშეკრულება გაუხანგრძლივა.
“სტივენის კარიერა დიდი რისკის ქვეშ მოექცა ვარჯიშისას მიღებული სერიოზული დაზიანების გამო, რაშიც მას ვერ დავადანაშაულებთ.
ის წარმოუდგენლად ბევრს შრომობდა რეაბილიტაციის პროცესის დასაჩქარებლად, რასაც ვაფასებთ და შანსის სახით ახალ, მოკლევადიან კონტრაქტს ვუფორმებთ,” – ვკითხულობთ “სტოკის” აღმასრულებელი დირექტორის, ტონი სქოულზის განცხადებაში.