გორდონ სტრაჩანი: “2007 წლის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა”
საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან გასამართი მატჩის წინა დღეს, შოტლანდიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გორდონ სტრაჩანმა პრესკონფერენცია გამართა.
“შესაძლოა, ხვალინდელი მატჩი მნიშვნელოვანი გამოდგეს ან საერთოდ მას არანაირი მნიშვნელობა არ მიენიჭოს. იმედია, ბოლო თამაშის წინაც ამას მკითხავენ. ჩვენ ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი გვაქვს.
არ მესმის ის შეხედულება, რომ ხვალ აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ. მე უკვე გადაწყვეტილი მაქვს, ვინ ითამაშებს ხვალ. ფეხბურთელებმა ჯერ შემადგენლობის შესახებ არაფერი იციან. გადაწყვეტილების მიღება რთული იყო, რადგან სათადარიგოთა სკამზე ბევრი ძლიერი მოთამაშე დარჩება.
ჩვენ კლიმატური პირობები გავითვალისწინეთ და მსუბუქად ვივარჯიშეთ. რაც შეეხება ტაქტიკას, ამ შემთხვევაში სიცხის ფაქტორს გავითვალისწინებთ.
გლაზგოში ჩატარებულ მატჩში, საქართველომ კარგად ითამაშა. მეტოქემ გუნდური თამაში დაგვიპირისპირა. ვფიქრობ, ხვალ ზუსტად იგივე სიტუაცია იქნება.
2007 წლის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. თბილისში გამართული მატჩის შემდეგ დიდი დრო გავიდა.”