სცადე, ითამაშე, დარჩი
მსოფლიო რაგბის პროექტი ‘გაეცანი რაგბს’ ამჯერად ვაზისუბანში იმკვიდრებს ადგილს. პროექტის მიზანს წარმოადგენს, დაწყებითი კლასების მოსწავლეთა შორის რაგბის პოპულარობის გაზრდით და სახალისო თამაშების გამართვით, საქართველოში რეგისტრირებულ ბიჭ და გოგო მორაგბეთა რაოდენობის გაზრდა.
163-ე სკოლას რაგბის კავშირის განვითარების ჯგუფი 21 მაისს ესტუმრა, სადაც რაგბის სახალისო ფესტივალი გამართა, რომელშიც მონაწილეობა ასამდე მოწაფემ მიიღო – ბიჭებიც და გოგონებიც თანაბრად იყვნენ ჩართული ყველა გასართობ თამაშსა თუ რაგბის სახალისო თამაშობებში. თავის მხრივ, ბავშვებმა კი თავიანთი უნარ-ჩვევები და რაგბის მიმართ სიყვარული სხვადასხვაგვარად წარმოაჩინეს.
‘გაეცანი რაგბს’ მსოფლიო რაგბის გლობალური პროექტია, რომელიც საქართველოში 2013 წლის ოქტომბრიდან დაიწყო. პროგრამა სამ ფაზას მოიცავს – სცადე, ითამაშე და დარჩი რაგბში. ეს პროექტი სასკოლო რაგბის განვითარებისა და გაძლიერების გზით მოსწავლეებისათვის ჯანმრთელი ცხოვრების წესისა და რაგბის მიმართ ინტერესის გაღვივებას ითვალისწინებს. ამ გზით მომავალში ლიცენზირებულ მორაგბეთა რაოდენობა გაიზრდება.
“ ‘გაეცანი რაგბს’ თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ხორციელდება, რაც ითვალისწინებს სკოლის მოსწავლეების ჩართულობას რაგბში. ამ პროექტის ეგიდით, 163-ე სკოლაში ფესტივალი ჩატარდა, რისი ინიციატივაც თავად სკოლამ გამოხატა. მონაწილეობა 100-მდე ბავშვმა მიიღო. იმედი გვაქვს, რომ სხვა სკოლებიც გამოეხმაურებიან ჩვენს პროექტს, მიიღებენ მონაწილეობას და ჩაერთვებიან რაგბში. ეს თამაშები არის აბსოლუტურად უსაფრთხო და სახალისო. ამ პროექტით თამაშის გლობალიზაცია ხდება. ვცდილობთ, ქართველ ბავშვებს რაგბის ფასეულობები გავაცნოთ.“ – განაცხადა ივანე დავითაშვილმა, რაგბის კავშირის განვითარების ჯგუფის თანამშრომელმა, ‘გაეცანი რაგბის’ კოორდინატორმა.
Rugby.GE