სუარესი: “ივანოვიჩი და კიელინიც არიან დამნაშავენი იმაში, რომ ვუკბინე”
“ბარსელონას” თავდამსხმელმა ლუის სუარესმა კიდევ ერთხელ გაიხსენა ბრანისლავ ივანოვიჩისა და ჯორჯო კიელინისთვის კბენის ფაქტები. ურუგვაელი ფეხბურთელი ამბობს, რომ ეს მცველები მის პროვოცირებას ცდილობდნენ, რის გამოც მათ უკბინა კიდეც.
“არსებობენ ადამიანები, რომლებიც პრობლემების მოგვარებაში მეხმარებიან. ნაწილობრივ ჩემი ბრალია, თუმცა ნაწილობრივ მცველების ბრალიცაა, რომლებიც პროვოცირებას ცდილობდნენ. მაგალითად, კიელინი და ივანოვიჩი მუდმივად იმის ცდაში არიან, რომ თავდამსხმელი წყობიდან გამოიყვანონ. მათ ძალიან ადვილად შეუძლიათ მეტოქის გაღიზიანება, თუმცა ახლა უკვე სხვანაირად ვიქცევი. მე თავად ვახდენ მცველების პროვოცირებას. მანამდე მათთან ორთაბრძოლებში ვებმეოდი, ახლა უბრალოდ ვერიდები კონფლიქტურ სიტუაციებს”, – ციტირებს სუარესის სიტყვებს cope.es.