სუარესი: “მე და მესი საჯარიმოების შესრულებაზე ერთად ბევრს ვვარჯიშობდით”
ესპანეთის ჩემპიონატის 21-ე ტურში “ატლეტიკომ” “კადისი” გასვლაზე, ანგარიშით 2:4 დაამარცხა. ლუის სუარესმა მეტოქე გუნდის კარის აღება საჯარიმოდან და თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან შეძლო. მატჩის შემდეგ სუარესმა საკუთარ ფორმაზე ისაუბრა.
“მე და მესი საჯარიმოების შესრულებაზე ბევრს ვვარჯიშობდით. “ბარსელონაში” ყოფნისას საჯარიმოებს ის ასრულებდა, თუმცა “ლივერპულსა” და ურუგვაის ნაკრებში თამაშისას მეც არაერთი მაქვს გატანილი.
დღეს გადავწყვიტე, რომ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ამეღო და საჯარიმო მე შემესრულებინა. თუ თავდამსხმელი კარგ ფორმაშია, ეს მომენტი აუცილებლად უნდა გამოიყენოს. ვცდილობ, გუნდს მაქსიმალურად დავეხმარო,” – აცხადებს ურუგვაელი თავდამსხმელი.
შეგახსენებთ, რომ “ბარსელონას” ხელმძღვანელების მიერ დაწუნებული ლუის სუარესი ამ დროისთვის ლა ლიგის ბომბარდირთა დავას 14 გოლით ლიდერობს. “ატლეტიკო” კი პირველ პოზიციაზეა ცხრილში და უახლოეს მეტოქეებს 10 ქულით უსწრებს.