სუარესი: “რატომ არ დამირეკეს მაშინ, როცა ჩემი გუნდიდან წასვლა უნდოდათ?”
მადრიდის “ატლეტიკოს” თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა “ბარსელონას” ყოფილ ხელმძღვანელებსა და რონალდ კუმანზე ისაუბრა. ურუგვაელი ფეხბურთელის თქმით, ნიდერლანდელ მწვრთნელს პრინციპები არ გააჩნია.
“ბარსელონას” საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, ამ კლუბის მადლიერი ვარ. მათ მომცეს იმის საშუალება, რომ უმაღლეს დონეზე მეთამაშა. თუმცა, პრეზიდენტი ჩემს მაგივრად, პრესას ესაუბრებოდა. იმ დროს მათ ლეოს გუნდში დარჩენა სურდათ. დამირეკეს და მითხრეს, რომ მესი დამერწმუნებინა… რატომ არ დამირეკეს მაშინ, როცა მათ ჩემი გუნდიდან წასვლა უნდოდათ? კუმანმა მითხრა, რომ მის გეგმებში არ შევდიოდი და მას სხვა ტიპის ცხრიანი სჭირდებოდა. მე მისი მესმის, რადგან ამის თქმა დაავალეს. ამ დროს ხვდები, რომ მას პრინციპები არ გააჩნია.
არც ბართომეუს და არც “ბარსელონას” წინა ბორდიდან რომელიმეს ჩემთვის ჩემპიონობა არ მოულოცავს, მაგრამ ახლოს ვიყავი იმასთან, რომ მათთვის ფოტო გამეგზავნა.
მესი? როგორც მეგობარსა და ფანს, მოხარული ვიქნები, თუ ის “ბარსელონაში” დარჩება. ვურჩევდი, რომ კარიერა ისევ ამ კლუბში გააგრძელოს”, – განაცხადა სუარესმა COPE-სთან ინტერვიუში.