სუარესი: „თუ მუნდიალზე ჯერარდი ცუდს გამიკეთებს, საპასუხოდ იგივეს მიიღებს“
„ლივერპულის“ თავდამსხმელის ლუის სუარესის თქმით, მსოფლიოს ჩემპიონატზე იგი ყურადღებას არ მიაქცევს იმას, რომ ურუგვაის ნაკრების მეტოქეთა რიგებში მისი თანაკლუბელები ითამაშებენ.
„ყველაფერი არც ისე ადვილი იქნება, რადგან, მსურს, საკუთარ ქვეყანას დავეხმარო, ისევე, როგორც ჯერარდს, რომელიც ინგლისზე ფიქრობს. ყველასთვის ცნობილია, რომ სტივი ჩემ კარიერაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. „ლივერპულის“ ისტორიაში იგი საუკეთესო ფეხბურთელია და ჩემთვის იგი საუკეთესო პარტნიორად სამუდამოდ დარჩება. ჯერარდი კაპიტანია, რადგან მთელ გუნდს ეხმარება.
ასევე ერთმანეთის წინააღმდეგ თამაში იმიტომაც გაგვიჭირდება, რომ მოედნის გარეთ მეგობრები ვართ. თუმცა თამაშის დროს ყველაფერს ვივიწყებთ. თუ იგი რამე ცუდს გამიკეთებს, საპასუხოდ იგივეს მიიღებს. ამაში გასაკვირი არაფერია.
ურუგვაის ნაკრებს ჩინებული გუნდი ჰყავს. წინა ტურნირზე ცუდად არ გვითამაშია. თუ მუნდიალისთვის მშვიდად მოვემზადებით, მაშინ ნახევარფინალამდე მისვლას კვლავ შევძლებთ. მაგრამ, თუ ყველა იყვირებს, რომ ურუგვაი საუკეთესოა, სასურველ შედეგს ვერ მივაღწევთ“, – განაცხადა სუარესმა.
ალექსანდრე მატევოსოვი