სუარესი ფიფასგან ბოდიშის მოხდას ითხოვს
“ბარსელონასა” და ურუგვაის ნაკრების თავდამსხმელმა ლუის სუარესმა სურვილი გამოთქვა, რომ ფიფამ მის მიმართ გამოტანილი სასჯელის გამო ბოდიში მოიხადოს. შეგახსენებთ, რომ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე სუარესმა იტალიის ნაკრების მცველ ჯორჯო კიელინის უკბინა, რის გამოც ურუგვაელმა თავდამსხმელმა საერთაშორისო დონეზე ცხრამატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.
“როდესაც დიეგო გოდინმა გოლი გაიტანა, ისე ვერ აღვნიშნე, როგორც მინდოდა, რადგან გაცნობიერებული მქონდა, რომ შეცდომა დავუშვი და ამის გამო შეიძლება დავსჯილიყავი. ვფიქრობ, ფიფას სადისციპლინო კომიტეტში ხვდებიან, რომ ზედმეტად მკაცრი სასჯელი გამომიტანეს. ვისურვებდი, ბოდიში მოიხადონ და აღიარონ, რომ დისკვალიფიკაცია გადაჭარბებული იყო. მე ეს ყველაფერი მოვინანიე.
როდესაც ურუგვაის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოსკარ ტაბარესმა ფიფას მიერ გამოტანილი დისკვალიფიკაცია გამაცნო, ვცდილობდი, სიმშვიდე შემენარჩუნებინა, თუმცა ცრემლები მაინც ვერ შევიკავე. შეცდომას ყველა უშვებს, თუმცა მატჩებზე დასწრების აკრძალვა ჩემთვის გაუგებარი რამ გახლავთ”, – სუარესის კომენტარი Football Italia-მ გამოაქვეყნა.