სულშერი „კარდიფის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაინიშნა

თარიღი: იანვარი 2, 2014

„კარდიფ სიტის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ოლე გუნარ სულშერი (ჩვენში სოლსკიაერად ცნობილი) დაინიშნა. ახალგაზრდა ნორვეგიელი სპეციალისტი გამოტყდა, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე თავის ყოფილ თავკაც ალექს ფერგიუსონს გაესაუბრა.

„ფერგიუსონს ვესაუბრე. სერ ალექსმა წარმატებები მისურვა და რამდენიმე საჭირო რჩევაც მომცა. „კარდიფი“ განვითარებვისთვის მზად არის და იმედი მაქვს, რომ გუნდს ამაში დავეხმარები. სატურნირო ცხრილში მდგომარეობის გამოსწორება გვინდა.ადგილობრივი მწვრთნელები საკმაოდ მაღალ დონეზე დგანან. ყოველთვის მინდოდა, რომ პრემიერლიგის კლუბისთვის მეთავკაცა. მოხარული ვარ, რომ ამის შესაძლებლობა მომეცა“, – სულშერის სიტყვებს „ევროსპორტი“ აქვეყნებს.

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ფეხბურთელმა სამწვრთნელო კარიერა „წითელი ეშმაკების“ სარეზერვო გუნდში დაიწყო. შემდეგ ნორვეგიული „მიოლდეს“ თავკაცის პოსტზე მიიღო მიწვევა. სულშერმა „მიოლდეში“ მუშაობის პერიოდში ზედიზედ ორი საჩემპიონო ტიტული მოიგო.

40 წლის სულშერმა „კარდიფის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე მალკი მაკკაი შეცვალა, რომელიც დაუკმაყოფილებელი შედეგების გამო კლუბიდან დეკემბრის ბოლოს დაითხოვეს. შეგახსენებთ, რომ უელსური კლუბი 18 ქულით ინგლისის პრემიერლიგის სატურნირო ცხრილის მე-17 პოზიციას იკავებს.

ბექა დოგრაშვილი

მსგავსი სიახლეები