სულშერი: “კონტრშეტევებზე თამაში “მანჩესტერ იუნაიტედის” სტილია”
“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა, ულე გუნარ სულშერმა “არსენალთან” მოგებული მატჩის (1:3) შემდეგ პრესასთან ისაუბრა და გუნდის ბოლოდროინდელი პროგრესი შეაფასა.
“თასზე ასეთი თამაშების მოგება ფანტასტიკური რამ არის. რაც მოვედი, ძალიან მიჭირს შემადგენლობის დაყენება, რადგანაც გუნდში ბევრი ნიჭიერი ფეხბურთლია. ყველაფერს ასეთი დიდი თამაშებისთვის ვაკეთებთ და ბედნიერები ვართ, წარმატებას რომ მივაღწიეთ.
დღეს ჩამოყალიბებული გუნდის შთაბეჭდილება დავტოვეთ. კონტრ-იერიშებსა და დაცვით ტაქტიკებზე ბევრი ვიმუშავეთ. კონტრ-იერიშები “მანჩესტერ იუნაიტედისთვის” ჩვეული რამაა – უეინ რუნი, კრიშტიანუ რონალდუ, ჯი სუნ-პარკი – ჩვენ ბოლო წლების მანძილზე ძალიან ბევრი გოლი გაგვქონდა “არსენალის” კარში.
დღეს წინ დიდი ნაბიჯი გადავდგით. “ტოტენჰემთან” მატჩის შემდეგ გუნდმა უდიდესი პროგრესი განიცადა. ადვილია, აღელვებას აყვე და მომავალზე ოპტიმისტურად ისაუბრო, თუმცა ნაცვლად ამისა, ვალდებულნი ვართ, მომდევნო მატჩზე ვიფიქროთ.
სამუშაო ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს. გუნდის მებრძოლი სული და შრომისმოყვარეობა აღსანიშნავია, ეს ჩვენი წარმატების გასაღები უნდა გახდეს,” – აცხადებს ნორვეგიელი სპეციალისტი.