სულშერი: “მოუთმენლად ველი “მილანთან” გასამართ მატჩებს”
“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა, ოლე გუნარ სულშერმა, რომელსაც დღეს 48 წელი შეუსრულდა, ევროპა ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები შეაფასა.
“ბრწყინვალე საჩუქარი დაბადების დღისთვის, ასე არაა? უბრალოდ ნახეთ, როგორი წილისყრაა! ჩვენთვის უკვე ტრადიციაა წილისყრაზე რთულ მეტოქეებთან შეხვედრა.
“მანჩესტერ იუნაიტედისა” და “მილანის” დაპირისპირება ჩემპიონთა ლიგასაც დაამშვენებდა. კარგია, რომ ასეთი მატჩების ჩატარების შანსი გვეძლევა. ჩვენ გუნდს ძალიან სჭირდება ახალი გამოწვევები.
“მილანის” ტრადიციებსა და ისტორიებს უდიდეს პატივს ვცემთ. ეს არის უდიდესი კლუბი, რომელსაც ბრწყინვალე არენა აქვს. მოუთმენლად ველი ამ თამაშებს.
რაც შეეხება ზლატანს, მისით, რა თქმა უნდა, გაოცებული ვარ. უნდა ვაღიარო, რომ მისი კარიერა დასრულებული მეგონა იმ ტრავმების შემდეგ. მაგრამ ის კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდა. “მილანი” მისი დამსახურებით ბრწყინვალე ფორმაშია,” – აცხადებს ნორვეგიელი სპეციალისტი.
იტალიური და ინგლისური ფეხბურთის გრანდები ერთმანეთს 11 და 18 მარტს დაუპირისპირდებიან.