სულშერი ფეხბურთელებს: “აუცილებელი არაა ერთმანეთის საუკეთესო მეგობრები იყოთ”
“მანჩესტერ იუნაიტედის” ნორვეგიელი მთავარი მწვრთნელი, ულე გუნარ სულშერი გუნდში არსებულ ატმოსფეროზე საუბრისას საკმაოდ საინტერესო პოზიციას აფიქსირებს და აღნიშნავს, რომ გუნდში მცირე დოზით უხეში კონკურენციაცაა საჭირო.
“უკვე შევნიშნე, რომ ფეხბურთელები ერთმანეთთან ძალიან კარგად არიან შერწყმულნი. თუმცა, ვფიქრობ, აუცილებელი არაა ერთმანეთის საუკეთესო მეგობრები იყვნენ. გუნდში ბრწყინვალე ატმოსფერო სუფევს.
ადრე ერთი-ორჯერ გვიჩხუბია კიდეც ფეხბურთელებს, თუმცა ეს ბუნებრივი იყო. თუ სესია მცირე შეხლა-შემოხლით დასრულდება, ცუდი არ იქნება, რადგანაც ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ ჩემპიონები არიან და წინსვლისკენ ისწრაფვიან.
თუ ვარჯიშზე წაგებისკენ ხარ განწყობილი, მაშინ რეალურ შემთხვევაშიც წააგებ. ვარჯიშის შემდეგ ცოლებთან და შვილებთან არ გავრბივართ, ანალიზისთვის და პრინციპებზე სასაუბროდ ბევრი დრო გვაქვს,” – აცხადებს სულშერი, რომელმაც “მანჩესტერ იუნაიტედს” მიჯრით 5 მატჩი მოაგებინა.