სულშერმა “ბრიუგესთან” მატჩის შემდეგ ევროპა ლიგის ბურთი გააკრიტიკა
20 თებერვალს ევროპა ლიგის 1/16-ფინალური ეტაპის პირველი მატჩი შედგა “ბრიუგესა” და “მანჩესტერ იუნაიტედს” შორის. ბელგიაში გამართული შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1-1 დასრულდა. მატჩის შემდეგ ოლე გუნარ სულშერმა პრესკონფერენცია გამართა.
“ძალიან რთული მატჩი გამოვიდა ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ. “ბრიუგე” საკმაოდ კარგად ორგანიზებული გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებდა.
ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ეს საუკეთესო მატჩი იყო. თუმცა ეს გარკვეულწილად მოედნის არასათანადო მდგომარეობაში ყოფნის და უცნაური ბურთის დამსახურება გახლდათ. ნებისმიერ ფეხბურთელს შეგიძლიათ კითხოთ, ბურთი ფეხბურთის თამაშში ხელს უშლიდათ.
უბრალოდ განსხვავებული ტიპის ბურთია და მიჩვევას საჭიროებს. თუმცა ფაქტია, რომ ორივე გუნდისთვის ერთნაირია. პირობები ნამდვილად არახელსაყრელი იყო – წვიმა და ქარი”, – აცხადებს სულშერი.