“სუონსიმ” მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლა
“სუონსი სიტიმ” კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გარი მონკი გაათავისუფლა.
უელსური კლუბის პრესსამსახური ამ გადაწყვეტილებას ასე ხსნის: “გუნდის გარშემო არსებულ გაურკვევლობასთან დაკავშირებით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც “სუონსისა” და კლუბის ფანების ინტერესებშია”.
გარი მონკი “სუონსი” სიტის” 2014 წლის თებერვლიდან თავკაცობდა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 77 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 28 გამარჯვებით, 17 ფრედ, 32 კი მარცხით დაასრულა.
ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ შეცვლის გარი მონკს. პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “სუონსი” შესაძლოა, დევიდ მოიესმა ან ბრენდან როჯერსმა ჩაიბაროს.
ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში “სუონსი” სიტის” 14 ქულით სატურნირო ცხრილის მე-15 პოზიცია უკავია. გუნდმა შარშანდელი სეზონი მერვე ადგილზე დაასრულა.