სუპერლიგა ოფიციალურად მხოლოდ ერთმა კლუბმა დატოვა
ესპანური გამოცემა “ასი” იუწყება, რომ ევროპის საფეხბურთო სუპერლიგა ოფიციალურად მხოლოდ მილანის “ინტერს” აქვს დატოვებული.
წყაროს თანახმად, სუპერლიგასა და იტალიურ კლუბს შორის გაფორმებული ხელშეკრულება “ინტერს” განსაკუთრებულ შემთხვევაში პროექტის დატოვების უფლებას აძლევდა. “ინტერი” სუპერლიგის დამაარსებელი 12 კლუბიდან ერთადერთია, რომელსაც ამგვარი შესაძლებლობა გააჩნდა. “ნერაძურის” ეს უფლება მისი არასტაბილური ფინანსური მდგომარეობისა და შესაძლო გაყიდვის გამო მისცეს.
შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 19 აპრილს 12-მა კლუბმა (“მანჩესტერ იუნაიტედი”, “მანჩესტერ სიტი”, “ლივერპული”, “ჩელსი”, “არსენალი”, “ტოტენჰემი”, “რეალი”, “ბარსელონა”, “ატლეტიკო”, “იუვენტუსი”, “ინტერი”, “მილანი”) სუპერლიგის დაარსების შესახებ გამოაცხადეს. ფანების პროტესტისა და უეფასგან სანქციების მუქარის შემდეგ პროექტი შეჩერდა. მიუხედავად იმისა, რომ კლუბების უმეტესობამ ტურნირზე საჯაროდ უარი თქვა, ისინი ოფიციალურად რჩებიან პროექტის მონაწილე წევრებად.