სუპერლიგაში მონაწილეობისთვის იტალიური კლუბები სერია A-დან მოიკვეთებიან
იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გაბრიელე გრავინამ ორგანიზაციის დებულებაში შეტანილი ცვლილებების შესახებ განაცხადა.
“კლუბები, რომლებიც ფიფასა და უეფასგან არაღიარებულ ტურნირებში მონაწილეობის მიღებას აპირებენ, ჩვენს წევრობას დაკარგავენ და ჩემპიონატიდან მოიკვეთებიან. არ გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, ვინ დატოვა და ვინ დარჩა ევროპის სუპერლიგაში, მაგრამ გვაქვს წესი, რომელიც ამოქმედდება. თუ ივნისის ბოლოს რომელიმე კლუბი კერძო შეჯიბრზე ითამაშებს, იტალიის ჩემპიონატიდან გაირიცხება”, – ციტირებს გრავინას სიტყვებს “სკაი სპორტ იტალია”.
შეგახსენებთ, რომ სუპერლიგაში 12 წამყვანი ევროპული კლუბი იყო გაერთიანებული: “მანჩესტერ იუნაიტედი”, “მანჩესტერ სიტი”, “ლივერპული”, “ჩელსი”, “არსენალი”, “ტოტენჰემი”, “რეალი”, “ბარსელონა”, “ატლეტიკო”, “იუვენტუსი”, “ინტერი”, “მილანი”. მოგვიანებით კლუბთა უმეტესობამ ტურნირზე უარი თქვა, რის გამოც პროექტი შეჩერდა.