“სუპერლიგის კლუბები ამბობენ, რომ ჩემპიონთა ლიგა დასრულებულია, მაგრამ აქ თამაში მაინც უნდათ”
უეფას პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა მადრიდის “რეალის”, “ბარსელონასა” და ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, უარი თქვან ევროპული სუპერლიგის პროექტზე. ამ დროისთვის სუპერლიგაში სწორედ აღნიშნული სამი კლუბი რჩება. თუ ეს კლუბები აღნიშნულ პროექტზე უარს არ იტყვიან, ისინი უეფას ტურნირებიდან და შიდა ჩემპიონატებიდან მოიკვეთებიან.
უეფას პრეზიდენტმა “დეილი ტელგრაფისთვის” მიცემულ ინტერვიუში თქვა:
“ყველაზე გაუნათლებელი ხალხიც ხვდება, რომ სუპერლიგა დასრულებულია. ახლა ეს სამი კლუბი იმუქრება, წერილებს გვიგზავნის, რომელშიც ნათქვამია, რომ გვიჩივლებენ.
ცხადია, ძალიან ბევრი ფული აქვთ. მათ ფინანსები ქალთა და ახალგაზრდულ ფეხბურთში უნდა ჩადონ.
პრესრელიზი გამოაქვეყნეს: “სუპერლიგა ჯერ კიდევ არსებობს, ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს სუპერლიგა”. ორი დღის შემდეგ კი თხოვნით წერილი გამოგვიგზავნეს, რომ მომდევნო სეზონში ისინი ჩემპიონთა ლიგაზე დავუშვათ.
გამოდის, რომ სუპერლიგაში რჩებიან და ჩემპიონთა ლიგიდან იკვეთებიან, მაგრამ მაინც სურთ ჩემპიონთა ლიგაზე ყოფნა? მათ თქვეს, რომ ჩემპიონთა ლიგა დასრულებულია, მაგრამ აქ თამაში მაინც უნდათ”.
შეგახსენებთ, რომ სუპერლიგაში 12 წამყვანი ევროპული კლუბი იყო გაერთიანებული: “მანჩესტერ იუნაიტედი”, “მანჩესტერ სიტი”, “ლივერპული”, “ჩელსი”, “არსენალი”, “ტოტენჰემი”, “რეალი”, “ბარსელონა”, “ატლეტიკო”, “იუვენტუსი”, “ინტერი”, “მილანი”. მოგვიანებით კლუბთა უმეტესობამ ტურნირზე უარი თქვა, რის გამოც პროექტი შეჩერდა.
თავის მხრივ, სუპერლიგამ კონკურენციის კანონის შესაძლო დარღვევის გამო ფიფასა და უეფას წინააღმდეგ ევროპულ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.