სუპერლიგის კლუბებმა სასამართლოს მიმართეს
ევროპული სუპერლიგის 12-მა კლუბმა ფიფასა და უეფას ხელმძღვანელობას სამართლებრივი პრეტენზიების მომზადების შესახებ ამცნო. კლუბები ამ გზით ცდილობენ, ახალი ტურნირის ჩაშლა არ დაუშვან.
“ასოშეითედ პრესის” თანახმად, კლუბებმა ფიფას პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოსა და უეფას ხელმძღვანელ ალექსანდერ ჩეფერინის წერილი გაუგზავნეს, რომელშიც ნათქვამია, რომ სუპერლიგამ დახმარების სახით ფინანსური ორგანიზაციებიდან უკვე მიიღო 4 მილიარდი ევროს ოდენობის თანხა. თავის მხრივ, უეფამ ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა და ახალი პროექტის მონაწილე კლუბებს ეროვნულ, ევროპულ და მსოფლიო ტურნირებზე დისკვალიფიკაციით, მათ ფეხბურთელებს კი სანაკრებო დონეზე თამაშის აკრძალვით დაემუქრა.
“ოფიციალური განცხადება გვაიძულებს, მივიღოთ დამცავი ზომები, რათა თავი დავიზღვიოთ იმ უარყოფითი რეაქციისგან, რომელიც არამხოლოდ საფრთხეს უქმნის საგრანტო დაფინანსების უზრუნველყოფას, არამედ, რაც მთავარია, უკანონო იქნება. ამ მიზეზით სუპერლიგამ შესაბამის სასამართლოებში შეიტანა შუამდგომლობა, რათა უზრუნველყონ ტურნირის გამართული ჩატარება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად”, – ნათქვამია სუპერლიგის კლუბების წერილში.