სუპერლიგის მე-13 სავარაუდო კლუბი სახელდება
ევროპულ სუპერლიგაში ამ დროისთვის 12 დამფუძნებელი კლუბია გაერთიანებული. დაანონსებულია კიდევ რვა გუნდი დამატება.
“კორიერე დელო სპორტი” წერს, რომ სუპერლიგის მე-13 კლუბი შესაძლოა, “ნაპოლი” იყოს. წყაროს თანახმად, წუხელ პროექტის სპონსორის JP Morgan-ის წარმომადგენელი იტალიური კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს დაუკავშირდა და სუპერლიგაში გაერთიანება შესთავაზა.
“ნაპოლის” პოზიცია ჯერჯერობით უცნობია, თუმცა კლუბის პრეზიდენტს არაერთხელ აქვს დაფიქსირებული საკუთარი აზრი ახალი ფორმატის მქონე ტურნირის შექმნის აუცილებლობის შესახებ.
შეგახსენებთ, რომ სუპერლიგაში ამ დროისთვის შემდეგი კლუბები არიან გაერთიანებულნი: “არსენალი”, “მანჩესტერ იუნაიტედი”, “მანჩესტერ სიტი”, “ლივერპული”, “ჩელსი”, “ტოტენჰემი”, “რეალი”, “ბარსელონა”, “ატლეტიკო”, “იუვენტუსი”, “ინტერი”, “მილანი”.
თავის მხრივ, ფიფა და უეფა ახალი პროექტის მონაწილე კლუბებს ეროვნული, ევროპული და მსოფლიო ტურნირებიდან მოკვეთით, მათ ფეხბურთელებს კი სანაკრებო დონეზე თამაშის აკრძალვით ემუქრება. დღეს, უეფას კონგრესზე სუპერლიგის საწინააღმდეგო დეკლარაციაც მიიღეს.