სუპერმატჩი! “ბარსელონა” დამარცხდა, ფინალში მადრიდული დერბი შედგება (ვიდეო)
9 იანვარს საუდის არაბეთში მიმდინარე ესპანეთის სუპერთასის მეორე ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართა მადრიდის “ატლეტიკოსა” და კატალონიის “ბარსელონას” შორის. შეგახსენებთ, რომ ფინალში ამ გუნდებს მადრიდის “რეალი” ელოდა, რომელმაც თავის მხრივ “ვალენსია” დაამარცხა (3-1).
შეხვედრა ორ რადიკალურ ტაიმად იყო დაყოფილი. პირველი ნახევარი ძალიან მძიმედ დაიწყო და გუნდები დროდადრო იხსნებოდნენ. ტაიმის მიწურულს ფეხბურთელებს შორის მცირე შელაპარაკებაც მოხდა, თუმცა ანგარიში არ გახსნილა.
მეორე ტაიმი კი შეცვლაზე შემოსულმა კოკემ გოლით გახსნა (შემოსვლიდან ოც წამში). ამ გოლში დიდი წვლილი ჟოაო ფელიშს მიუძღვის. საპასუხოდ ლეო მესიმ ბრწყინვალე დარტყმით აიღო მეტოქის კარი, რასაც რამდენიმე წუთში ანტუან გრიზმანის გოლი მოყვა.
ერთი შეხედვით ყველაფერი “ბარსელონას” კარნახით მიდიოდა, სანამ “ლურჯ-ბროწეულისფერთა” მცველების შეცდომით პენალტი არ დაინიშნებოდა. პენალტი ალვარო მორატამ გარდასახა გოლში. რამდენიმე წუთში საკუთარ საჯარიმოში მყოფ პიკეს ხელზე მოხვდა ბურთი, თუმცა გადამოწმების შემდეგ გაურკვეველი მიზეზით პენალტი არ დაინიშნა. თუმცა ნეტუ გოლს მაინც ვერ გადაურჩა – მეკარესთან ერთი-ერთზე გასულმა ანხელ კორეამ გამარჯვების გოლი 86-ე წუთზე შეაგდო.
ასე რომ, 12 იანვარს ესპანეთის სუპერთასის ფინალურ მატჩში მადრიდული დერბი გადაწყვეტს ტიტულის მფლობელის ვინაობას.