სუპერმატჩი: “ბარსელონამ” და “რეალმა” გამარჯვებული ვერ გამოავლინეს (ვიდეო)
6 იანვარს ესპანეთის სამეფო თასის ნახევარფინალური ეტაპის პირველი მატჩი გაიმართა “ბარსელონასა” და “რეალს” შორის, რომელიც საფეხბურთო სამყაროს მიერ “ელ კლასიკოდ” გახლავთ შერაცხული. როგორც მოსალოდნელი იყო, მატჩი უაღრესად დაძაბული და საინტერესო გამოდგა.
შეხვედრის პირველი ნახევარი მადრიდის “რეალის” უპირატესობით წარიმართა. ტაიმის უმეტეს ნაწილი მაღალ ტემპში მიმდინარეობდა და უმეტესად სწორედ “თეთრები” უტევდნენ. გამოსარჩევი გახლდათ ვინისიუს ჟუნიორი, რომლისთვისაც ეს პირველი “ელ კლასიკო” გახლდათ.
ანგარიში შეხვედრის მე-6 წუთზე ლუკას ვასკესმა გახსნა ბენზემას საგოლე გადაცემით. “ბარსელონა” ცდილობდა მალევე ეპასუხა მეტოქისთვის, თუმცა “რეალის” დაცვას ვერაფერს უხერხებდა. ტაიმის ყველაზე რეალური მომენტი კი რაკიტიჩის დარტყმის შედეგად შეიქმნა, როდესაც ხარიხას მოხვდა ბურთი.
თამაშის მეორე ნახევარი კი “ბარსას” უპირატესობით დაიწყო. მადრიდელებმა უპირატესობა დათმეს და ცდილობდნენ მწვავე შეტევები უსაფრთხოდ მოეგერიებინათ. თუმცა შეხვედრის 57-ე წუთზე კეილორ ნავასმა ალბას დარტყმული ცუდად მოიგერია და კარიც დაკარგა, ბურთი მალკომს მიუვიდა, რომელმაც უძლიერესი და უზუსტესი დარტყმა განახორციელა და ანგარიში გაათანაბრა.
შეხვედრის დარჩენილ მონაკვეთში მომენტები ორივე გრანდმა შექმნა, თუმცა არაფერი შეცვლილა. ასე რომ, მატჩი ფრედ დასრულდა და მადრიდის “რეალი” განმეორებით მატჩს, რომელიც 26 დეკემბერს ჩატარდება, მცირე უპირატესობით შეხვდება.