სუპერმატჩი შედგა! “მანჩესტერ სიტიმ” დაძაბულ ბრძოლაში “ლივერპული” დაამარცხა (ვიდეო)
3 იანვარს, “ეტიჰად სტედიუმზე” პრემიერ ლიგის სეზონის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა. ინგლისის მოქმედმა ჩემპიონმა, “მანჩესტერ სიტიმ” საკუთარ კედლებში დაუმარცხებელი “ლივერპულის” ძლევა შეძლო.
როგორც მოსალოდნელი გახლდათ, შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და ბურთი მოედნის ცენტრში თითქმის არ ჩერდებოდა. შეხვედრის პირველი რეალური მომენტი მე-18 წუთზე შეიქმნა, როდესაც მეკარესთან პირისპირ გასულმა მანემ ბურთი ძელს მოარტყა, “ქალაქელებმა” ბურთი ვერ მოიგერიეს და მილიმეტრებით გადარჩნენ გოლის გაშვებას. სამაგიეროდ თავისი შანსი ბრწყინვალედ გამოიყენა საჯარიმოში შეპარულმა კუნ აგუერომ, რომელმაც უძლიერესი დარტყმით შეარხია ალისონ ბეკერის კარის ბადე – 1:0.
რასაკვირველია, მეორე ტაიმში “ლივერპული” ათმაგად მოტივირებული გამოვიდა მოედანზე და გოლის გატანაც შეძლო – რობერტსონის ბრწყინვალე გადაცემა გოლად ბობი ფირმინომ გარდასახა. გოლის გატანის შემდეგ “ენფილდელები” მაინც არ შეჩერებულან და კვლავ უტევდნენ, რაც სათავისოდ გამოიყენა “ჩასაფრებულმა” მასპინძელმა. შეხვედრის 79-ე წუთზე “მანჩესტერ სიტის” კონტრ-შეტევა ლეროი სანემ დააგვირგვინა გოლით და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
ასე რომ, “ლივერპულმა” პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი განიცადა. “მანჩესტერ სიტიმ” კი ლიდერთან სხვაობა 4 ქულამდე შეამცირა.