ტაბარესი: „ხამეს როდრიგესი მუნდიალის საუკეთესო მოთამაშეა“
ურუგვაის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოსკარ ვაშინგტონ ტაბარესმა აღიარა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალურ ეტაპზე მის გუნდსა და კოლუმბიის ნაკრებს შორის გამართულ მატჩში (0:2) მეტოქემ უკეთ წარმოაჩინა თავი. გარდა ამისა, ფეხბურთის ურუგვაელმა სპეციალისტმა კოლუმბიელთა ნახევარმცველი ხამეს როდრიგესი გამოარჩია, რომელმაც აღნიშნულ შეხვედრაში დუბლი გაიფორმა.
„ვიცოდით, რომ კოლუმბიას კარგი გუნდი ჰყავს. კოლუმბიელებს ისეთი მოთამაშეები ჰყავთ, რომლებსაც თამაშის მიმდინარეობის შეცვლა შეუძლიათ. მოედანზე მეტოქე დომინირებდა. როდრიგესის მიერ გატანილი პირველი ბურთი მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო გოლია. მცველები დანაშავეები არ არიან, ეს გოლი ასი პროცენტით დამრტყმელის დამსახურებაა. ვცდილობდით, რომ ინტრიგა დაგვებრუნებინა, მაგრამ მეტოქის მეკარე კარგად თამაშობდა, საკუთარი გუნდი რამდენჯერმე გადაარჩინა.
ეს წაგება უნდა ვაღიაროთ და კოლუმბიას მივულოცოთ. ჩემი ფეხბურთელებით ვამაყობ. მათ ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ.
ხამეს როდრიგესის შესაძლებლობების შესახებ ვიცოდი. მას მოედანზე ისეთი რაღაცების გაკეთება შეუძლია, რასაც სხვა ვერ გააკეთებს. ის მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშეა. იმედი მაქვს, ასევე გააგრძელებს. ფეხბურთში საჭიროა ასეთი ხალხი.
ახლა ნამდვილად არ არის ტურნირზე ჩვენი ასპარეზობის გაანალიზების დროს. ვამაყობ ჩემი გუნდით, რადგან ჩვენ ჯგუფურ ეტაპზე ინგლისისა და იტალიის ნაკრებებს ვაჯობეთ“, – განაცხადა ტაბარესმა.
შეგახსენებთ, რომ კოლუმბიის ნაკრები ტურნირის მეოთხედფინალურ ეტაპზე მასპინძელ ბრაზილიას დაუპირისპირდება.