ტაბიძე “ლივერპულშია”
გეცოდინებათ, რომ რამდენიმე დღეა “საბურთალოს” ფეხბურთელი ჯემალ ტაბიძე სპორტულ დირექტორ გიორგი ჭიაბრიშვილთან ერთად “ლივერპულში” სტაჟირებაზე იმყოფება. ჩვენებური 21 წლამდელთა გუნდში ვარჯიშობს, ინგლისში ტაბიძემ სახელოვანი კლუბის შემადგენლობაში ორჯერ ივარჯიშა, დღეს კი მესამე საწვრთნელი პროცესი იქნება.
როგორც ჩვენთან საუბარში გიორგი ჭიაბრიშვილმა განაცხადა, პირველ სავარჯიშო დღეს საწვრთნელი პროცესი ინტენსიური ყოფილა. ვარჯიშის დასრულების შემდეგ “ლივერპულის” მწვრთნელსა და “საბურთალოს” სპორტულ დირექტორს შორის საუბარი შემდგარა, სადაც მასპინძელს ქართველი ფეხბურთელი დადებითად დაუხასიათებია.
რაც შეეხება მეორე სავარჯიშო დღეს – 18 მარტს “ლივერპულის” 21-წლამდელების გუნდს ორმხრივი თამაში ჰქონია. ტაიმები 20-20 წუთისგან შედგებოდა, ჩვენებურს განსაკუთრებით მაღალ დონეზე მეორე ტაიმში უთამაშია. აქვე ერთ საინტერესო დეტალზეც შეიძლება ყურადღების გამახვილება – იმ დროს, როდესაც მწვრთნელს ტაბიძესთვის გადასაცმელის ჩაცმა უთხოვია, ჯიმის 5 ნომრიანი მაისურა შეხვედრია. გეცოდინებათ, რომ ტაბიძე ‘საბურთალოში” სწორედ 5 ნომრიანი მაისურით ასპარეზობს.
fcsaburtalo.ge