უეფას 19-წლამდე ჩემპიონატის თასი მთელი ქვეყნის მასშტაბით მოგზაურობას აგრძელებს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა და ჩემპიონატის ელჩმა ზურა ხიზანიშვილმა 15 მაისს თასი გურიაში ჩაიტანეს.
ჩოხატაურში, ივლიტა ჯიბუტის სახელობის ბიბლიოთეკაში შეკრებილ ახალგაზრდებს სტუმრებმა ჩემპიონატის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია,მათ შეკითხვებს უპასუხეს და თასთან სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს. ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, ეს ბავშვები საქართველო-პორტუგალიის თამაშს დაესწრებიან, რომელიც 2 ივლისს, 20:00 საათზე, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება.
“თასი მთელი ქვეყნის მასშტაბით იმოგზაურებს. ჩვენი მიზანია, ყველა ახალგაზრდას მოვუყვეთ, თუ რა მნიშვნელოვანია ეს ჩემპიონატი, რომლის ფარგლებში საქართველოს უამრავი მომავალი საფეხბურთო ვარსკვლავი ესტუმრება,”-აღნიშნა ლევან კობიაშვილმა.
ტურნირის ელჩმა ზურა ხიზანიშვილმა საქართველოსთვის ჩემპიონატის მასპინძლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და გულშემატკივრების როლი აღნიშნა.
“ძალიან სასიხარულოა, რომ მე წილად მხვდა მისია, ვიყო ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ჩემპიონატის ელჩი. მოხარული ვარ, რომ მაქვს საშუალება შევხვდე ამ ბავშვებს, ყველა დაინტერესებულ ადამიანს და ტურნირის შესახებ მივაწოდო ინფორმაცია,”- აღნიშნა მან.
დღესვე, თასი ჩოხატაურის სტადიონზეც მიიტანეს, სადაც, მოგვიანებით, რეგიონული ლიგის თამაში გაიმართა. გურულ დერბს – ჩოხატაურის “ბახმაროსა” და ოზურგეთის “მერცხალის” დაპირისპირებას ლევან კობიაშვილი, კახა ჭუმბურიძე და ზურა ხიზანიშვილი დაესწრნენ.
Gff.Ge