ჩავი მზადაა, 2022 წლის მუნდიალისთვის კატარის ნაკრები ჩაიბაროს

კატალონიის “ბარსელონას” ლეგენდა, 37 წლის ჩავი მზადაა, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე კატარის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მოგვევლინოს და მაქსიმალურად დაეხმაროს კატარელებს წარმატების მიღწევაში.

ჩავიმ, რომელიც ამ დროისთვის კატარული “ალ სადის” რიგებში ირიცხება, ამასთან დაკავშირებით ასეთი განცხადება გააკეთა:”რატომაც არა? ვფიქრობ, საკმაოდ კარგი იქნება, თუ ნაკრების მთავარი მწვრთნელი გავხდები.

ვნახოთ რა მოხდება, მანამდე გამოცდილება და დამხმარე შტაბი მჭირდება. ბევრი რამ მაკლია იქამდე, მაგრამ ისიც კარგია, რომ კატარელ ფეხბურთელებსა და ქვეყანაში არსებულ სიტუაციასთან ძალიან ახლოს ვარ.

მე აქ სწორედ ამ ქვეყნის დასახმარებლად ვარ, რათა მათ მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატების მიღწევა შეძლონ. მეორეს მხრივ, ჩემი ერთ-ერთი მთავარი მიზანი მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელის სტატუსის მოპოვებაა,” – აცხადებს ექს-“ბარსელონელი”.

ჩავი ინიესტას კატარში ეპატიჟება

“ალ-სადის” ესპანელი ნახევარმცველი, ჩავი კატარში თავისი ყოფილი თანაგუნდელის, ანდრეს ინიესტას გადაბირებას ცდილობს, რომელიც ჯერ კიდევ “ბარსელონას” რიგებში ირიცხება.

შეგახსენებთ, რომ ანდრეს ინიესტას გადაბირებით სერიოზულადაა დაინტერესებული “მანჩესტერ სიტისა” და “იუვენტუსის” ხელმძღვანელობა, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ლეგენდარულმა ესპანელმა ფეხბურთელმა კარიერა ევროპის სხვა კლუბში გააგრძელოს.

ესპანური წყაროს ცნობით, ინიესტა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებისთანავე შეუერთდება ჩავის, რომელიც “ალ-სადის” ღირსებას 2015 წლიდან იცავს.

კატარში პირველი სტადიონის მშენებლობა უკვე დასრულებულია (ფოტო)

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ჯერ კიდევ 5 წელია დარჩენილი, მაგრამ კატარში პირველი სტადიონის მშენებლობა უკვე დასრულებულია. მისი სახელი კი “ხალიფას საერთაშორისო სტადიონი” გახლავთ.

როგორც იცით, კატარი ცხელი კლიმატით არის გამორჩეული, თუმცა, ამ სტადიონზე სპეციალური ტექნოლოგიები იმოქმედებს, რომელიც ჰაერის ტემპერატურას ოპტიმალურ მდგომარეობაში შეინარჩუნებს (24-28 გრადუს ცელსიუსამდე).

საფეხბურთო არენა 40 000 გულშემატკივარს დაიტევს.