გიორგი განუგრავა: “ნებისმიერ მეტოქესთან “ჩიხურას” უპირატესობა გამოცდილებაა”

დღეს ეროვნული ლიგის მე-14 ტურში საჩხერის “ჩიხურა” საკუთარ მოედანზე თბილისის “დინამოს” დაუპირისპირდა. გიორგი განუგრავასა და დიმიტრი ტატანაშვილის გოლებს სტუმრებიდან ბაჩანა არაბულმა უპასუხა. საბოლოოდ, საჩხერულმა კლუბმა ანაგრიშით, 2-1 იმარჯვა.

Fanebi.Com-ი დაუკავშირდა განუგრავას და მასთან ინტერვიუ ჩაწერა.

– რას გეგმავდით შეხვედრის წინ და მიაღიწეთ თუ არა სრულყოფილად ამ მიზანს?

– საჩხერის “ჩიხურას” მიზანი ყოველთვის გამარჯვებაა. არც ეს მატჩი იყო გამონაკლისი. მიუხედავად იმისა, რომ “დინამო” გვესტუმრა, მინდორზე სამი ქულის ასაღებად გავედით. ეს მისია შევასრულეთ კიდეც. ვფიქრობ, გამარჯვება დავიმსახურეთ.

– რის ხარჯზე მოახერხეთ მეტოქის დამარცხება?

– ჩვენ საქართველოს ჩემპიონატში თამაშის დიდი გამოცდილება გვაქვს. მთავარი უპირატესობა ნებისმიერ მეტოქესთან სწორედ ესაა.

– აქვს თუ არა “ჩიხურას” ის რესურსი, რომ ასე წარმატებულად გააგრძელოს თამაში და მოწინავე პოზიციებს დაუბრუნდეს?

– არც თუ ისე ოპტიმალურ ფორმაში შევხვდით ჩემპიონატს და კარგი სტარტი ნამდვილად არ გვქონდა. ვფიქრობ, “ჩიხურას” თავისი სიტყვა ჯერ არ უთქვამს. მთავარი ბრძოლა წინ გვაქვს! იმედია, ევროტურნირებზე გავალთ.

– მხოლოდ ამ მიზნით დაკმაყოფილდებით? ჩემპიონობა?

– მხოლოდ დღევანდელი წარმატება საკმარისი არ იქნება ჩემპიონობისთვის. კიდევ გაგიმეორებთ, “ჩიხურას” მიზანი მხოლოდ გამარჯვებაა და თუ ამას შევძლებთ, ჩემპიონობაზე ფიქრიც შეიძლება!