“საუთჰემპტონს” ახალი მწვრთნელი ჰყავს

“საუთჰემპტონის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე მაურისიო პელეგრინო დაინიშნა. 45 წლის არგენტინელმა სპეციალისტმა ინგლისურ კლუბთან სამწლიანი შრომითი ხელშეკრულება გააფორმა.

“მიმაჩნია, რომ ჩემი ფილოსოფია და საკლუბო კულტურა ერთმანეთთან თავსებადია. მინდა, რომ ჩვენმა ქომაგებმა ჩვენი ფეხბურთელებით იამაყონ”, – აღნიშნა პელეგრინომ.

შეგახსენებთ, რომ “საუთჰემპტონს” გასულ სეზონში კლოდ პიუელი თავკაცობდა, რომელიც პოსტიდან წინა კვირაში გაათავისუფლეს. რაც შეეხება პელეგრინოს, ის 2016–2017 წლების სეზონში “ალავესს” ხელმძღვანელობდა. მისი თავკაცობით გუნდმა ესპანეთის პრიმერადივიზიონში მეცხრე პოზიცია დაიკავა.