იონანიძე: “ჩიხურას” მშვენივრად შევეწყვე, ჩვენ ერთ ოჯახი ვართ”

ეროვნული ლიგის მეათე ტურის შეხვედრაში საჩხერის “ჩიხურა” სტუმრად ფოთის “კოლხეთს” დაუპირისპირდა. იმერლები აგებდნენ, თუმცა ანგარიში შეცვლაზე შემოსულმა ფეხბურთელმა, დავით იონანიძემ გაათანაბრა. 19 წლის ფეხბურთელმა, რომელიც გასულ ზამთარში ქუთაისის “ტორპედოდან” შეუერთდა საჩხერულ გუნდს, მოედანზე გამოსვლიდან შვიდ წუთში მოახერხა მეტოქის კარის ბადის შერხევა (საბოლოოდ, 2-2). ეს ამ სეზონში მისთვის მეორე გოლია (ექვს მატჩში ნათამაშებ 84 წუთი). სხვათა შორის, ახალგაზრდა ტალანტმა პირველი გოლი “რუსთავს” 90+1 წუთზე გაუტანა და ერთადერთი ბურთით გუნდს გამარჯვება მოუტანა.

Fanebi.Com-ი დაუკავშირდა იონანიძეს, მას “კოლხეთთან” გამართული შეხვედრის შეფასება სთხოვა და ადაპტაციის პერიოდზეც ჰკითხა.

“დაძაბული და სანახაობრივი მატჩი გამოვიდა. მიზნად, რა თქმა უნდა, სამი ქულის მოპოვება გვქონდა დასახული. მართალია, ფოთელები ათი კაცით იყვნენ მოედანზე, თუმცა არ შემიძლია, არ აღვნიშნო მათი მონდომება, რამაც, საბოლოოდ, მატჩის ბედიც გადაწყვიტა. ბევრი საგოლე მომენტი გვქონდა, ვერ გამოვიყენეთ და დავისაჯეთ კიდეც. სამწუხაროა, რომ ბოლოს გოლი მაინც გავუშვით.”

“გოლი სასიხარულოა, თუმცა, ცუდია, რომ ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ზოგადად შევაფასებ და ვიტყვი, რომ ბიჭებს შევეჩვიე. აქ თავს მშვენივრად ვგრძნობ. გუნდში კარგი ატმოსფეროა: ყველანი, სამწვრთნელო შტაბიდან დაწყებული, ჩვენით დამთავრებული, ერთი ოჯახივით ვართ, რაც უმნიშვნელოვანესია წარმატებისკენ მიმავალი გუნდისთვის,” – ამბობს იონანიძე.

უბილავა: “ზამთრის თასი ფორმის შენარჩუნებაში გვეხმარება”

დავით პეტრიაშვილის სახელობის, ზამთრის თასის ჩემპიონი თბილისის ლოკომოტივი გახდა. ტურნირი ლოკომოტივის კაპიტანმა, დავით უბილავამ შეაფასა.

“ახალი ფორმატით, ჩემპიონატებს შორის დიდი პაუზაა და ასეთი ტურნირები ფეხბურთელებისთვის კარგია. ფორმის შენარჩუნებაში გვეხმარება, ბურთთან უფრო მეტი შეხება გვაქვს.

პირველად ვითამაშეთ ამ ტურნირზე და მიზნად გამარჯვება დავისახეთ.

ფეხბურთის ფედერაციას დაფასებისთვის მადლობას ვუხდი. ასევე, მადლობა ჩემს გუნდელებს, ეს მხოლოდ ჩემი დამსახურება არაა. ეს ყველაფერი ერთად მოვიგეთ”. – ამბობს უბილავა.

ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი სწორედ უბილავა გახდა. მას სპეციალური ჯილდო ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დირექტორმა, ზაზა დოლიძემ გადასცა.

Fcloco.Ge

უბილავა: “ზამთრის თასზე მაყურებელს კარგი სანახაობა ელოდება”

მიმდინარე წლის 12, 13 და 14 იანვარს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, ზამთრის თასის გათამაშება გაიმართება. ტურნირის მიზანი, რომელიც დავით პეტრიაშვილის სახელს ატარებს, ჩემპიონატებს შორის შესვენების გამრავალფეროვნება და ფეხბურთის პოპულარიზაციაა.

ეროვნული ლიგის ვებგვერდთან, ზამთრის თასის შესახებ, თბილისის ლოკომოტივის კაპიტანმა, დავით უბილავამ ისაუბრა.

“მსგავსი ტურნირები ყოველთვის დაძაბულობით და სანახაობით გამოირჩევა. კარგია, რომ ზამთრის თასზე ბევრი გუნდი და ფეხბურთელი მონაწილეობს. მინი ფეხბურთი უფრო დინამიური და სწრაფია, შესაბამისად მაყურებლს კარგი სანახაობა ელოდება. გარდა ამისა, მსგავსი ტურნირები ფეხბურთელებისთვისაც დამატებითი მოტივაციაა. თანაც, სეზონის საწყის ეტაპზე ვარჯიშების დროს აქცენტი ძირითადად ფიზიკურ მომზადებაზე კეთდება, აქ კი მუდმივად ბურთთან მოგვიწევს ყოფნა და ვფიქრობ, ეს თამაშები მომზადების პირველ ეტაპზე აუცილებლად წაგვადგება”. – ამბობს უბილავა.

ზამთრის თასზე, ლოკომოტივი დ ჯგუფში, საბურთალოსთან, მარტვილის მერანთან და ცხინვალთან ერთად იასპარეზებს.

Fcloco.Ge

საქართველო U19-ის კაპიტანი: “გუნდში ასეთი საბრძოლო განწყობა არასდროს ყოფილა”

ხვალ “მიხეილ მესხზე” 19-წლამდე ვეროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრები ჩეხეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. ჯგუფიდან გასასვლელად მხოლოდ მოგება გვჭირდება.

საინტერესო შეხვედრის წინ Fanebi.Com-ს ჩვენი ნაკრების კაპიტანი, დავით კობაური ესაუბრა.

“გუნდში ასეთი საბრძოლო განწყობა არასდროს ყოფილა! შესანიშნავი ატმოსფერო სუფევს და ხვალ დიდი გამარჯვების მოპოვებას ვაპირებთ. ჩეხეთის დამარცხება ერთიანობით და ბრძოლით შეგვიძლია. ტაქტიკურად გამართულ ფეხბურთს ვითამაშებთ, რომელთანაც ინდივიდუალიზმი იქნება შეზავებული. ეს ყველაფერი კი შედეგს აუცილებლად მოიტანს!”

“ევროპის ჩემპიონატი რთული ტურნირია, სადაც ნებისმიერი მეტოქე დიდ ძალას წარმოადგენს. ჩვენი მაქსიმუმი ყველა თამაშის მოგება იქნება. ამას მხოლოდ გულშემატკივრის გვერდში დგომით მოვახერხებთ! მათ ვთხოვ, რომ მოვიდნენ და მხარი დაგვიჭირონ!” – განაცხადა კაპიტანმა.