დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 22 ივლისი


“მანჩესტერ იუნაიტედი” ვიდალზე გადაერთო

“მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელებმა ყურადღება მიუნხენის “ბაიერნის” ჩილელ ნახევარმცველზე, არტურო ვიდალზე გადაიტანეს. ამ ინფორმაციას Daily Star ადასტურებს.

როგორც იცით, “წითელი ეშმაკები” აქამდე ნემანია მატიჩისა და ერიკ დაიერის ტრანსფერებზე მუშაობდნენ, თუმცა ახლა მათი ერთადერთი იმედი არტურო ვიდალია, რომლითაც “ინტერიცაა” დაინტერესებული.


ვასკესი პრემიერ ლიგის გუნდებსაც მოუნდათ

“ლივერპულისა” და “არსენალის” ხელმძღვანელები მადრიდის “რეალის” ახალგაზრდა ვარსკვლავის, ლუკას ვასკესის გარშემო არსებულ სიტუაციას აკვირდებიან.

Diario Madridista-ს ცნობით, “სანტიაგო ბერნაბეუს” დატოვება თავად ესპანელი ფეხბურთელის სურვილია, მისი ტრანსფერით კი “რომაცაა” დაინტერესებული.


“ბარსელონა” ნეიმარს დიბალათი შეცვლის

ნეიმარის “ბარსელონადან” “პარი სენ-ჟერმენში” გადასვლის შემთხვევაში, კატალონიელები მზად არიან ყველაფერი გააკეთონ პაულო დიბალას ტრანსფერის განსახორციელებლად.

Mundo Deportivo-ს ცნობით, ნეიმარის ტრანსფერიდან შემოსული 222 მილიონი ევროთი “ლურჯ-ბროწეულისფრები” მზად არიან 120 მილიონად შეფასებული არგენტინელი ვარსვკლავის გამოსასყიდი თანხა გადაიხადონ.


“რეალი” რეშფორდის დამატებას გეგმავს

მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელებმა, რომლებიც ჯერაც ვერ ახერხებენ მბაპეს გულის მოგებას, გადაწყვიტეს ყურადღება მარკუს რეშფორდისთვისაც მიექციათ.

Diario Gol-ის ცნობით, მარკუს რეშფორდთან ერთად, მადრიდსი მორატას პოტენციურ შემცვლელად პიერ-ემერიკ ობამეიანგსა და ტიმო ვერნერს მოისაზრებენ.


“კეიტას ტრანსფერის თაობაზე წინადადებები მივიღეთ”

რომის “ლაციოს” პრეზიდენტი, კლაუდიო ლოტიტო ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, კლუბმა კეიტა ბალდეს ტრანსფერის თაობაზე რამდენიმე შეთავაზება უკვე მიიღო.

“ინტერისა” და “იუვენტუსისგან” წინადადება ჯერ არ მიგვიღია, მაგრამ არის რამდენიმე შეთავაზება უცხოეთიდან. თუ კეიტას წასვლა უნდა, მას გავუშვებთ, ოღონდ ამისთვის შესაბამისი წინადადება უნდა მივიღოთ,” – აცხადებს ლოტიტო.