როგორც მოგეხსენებათ, გუშინ საჩხერის “ჩიხურამ” საქართველოს თასის ფინალში ქუთაისის “ტორპედო” დაამარცხა, რითაც პირველ ტიტულთან ერთად ევრო ტურნირების საგზურიც მოიპოვა. მატჩი საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა და გამარჯვებული თერთმეტმეტრიანების სერიაში გამოვლინდა.
ჩვენი საიტი საჩხერელთა ერთ-ერთ ლიდერს, მიშიკო სარდალიშვილს დაუკავშირდა და სხვადასხვა თემაზე გაესაუბრა:
უკვე სამი წელია, რაც საჩხერელთა რიგებში ირიცხებით, რას იტყვით განვლილ პერიოდზე?
საჩხერეში გატარებულმა წლებმა დიდი გამოცდილება მომიტანა. ბევრი ისეთი შეხვედრა ჩავატარეთ, რომელიც დამეხმარა გავზრდილიყავი, როგორც ფეხბურთელი. ზოგადად , “ჩიხურა” ყოველთვის კარგი ფეხბურთელებით არის დაკონმლექტებული, რაც მუდმივად ტონუსში ყოფნის საშუალებას იძლევა.
როგორი საფეხბურთო ატმოსფეროა შექმნილი საჩხერეში ?
გუნდში მეგობრული გარემოა, რაც დადებით გავლენას ახდენს ჩვენზე. უნდა აღინიშნოს გულშემატკივრის მხურვალე მხარდაჭერა, რასაც ყოველთვის ვგრძნობდით და ეს ყოველივე გორშიც დამტკიცდა. ისინი მთელი შეხვედრის განმავლობაში აქტიურად გვიჭერდნენ მხარს, რაც მოტივაციას გვიზრდიდა. არ გვქონდა უფლება, ის რწმენა, რომელიც მათ ჩვენს მიმართ ჰქონდათ, არ გაგვემართლებინა.
ახლა კი დროა განვლილი სეზონი შევაფასოთ.
წინა წლის სეზონს თუ შევადარებთ, მიმდინარე გათამაშებაში უკეთესი შედეგი უნდა დაგვეფიქსირებინა, ვიდრე ეს მეხუთე ადგილი იყო. ფაქტია, გარკვეულ მომენტში ეროვნულ ლიგაში ყურადღება მოვადუნეთ, მაგრამ აქცენტი ყიფიანის თასზე გაკეთდა და შედეგიც სახეზეა.
გუშინ საქართველოს თასის მფობელი გახდით კლუბთან ერთად, რას იტყვით აღნიშნულ დაპირისპირებაზე?
ძალიან დაძაბული შეხვედრა გამოდგა. მიუხედავად იმისა, რომ “ტორპედო” უკვე ეროვნული ლიგის გამარჯვებულის სტატუსით თამაშობდა, ტოლი არაფერში დავუდეთ და თანაბარი მატჩი ჩავატარეთ. შეხვედრის განმავლობაში შანსები ერთნაირად გვქონდა, თუმცა ალბათ ბოლოს ჩვენ უფრო მოვინდომეთ და სასურველ შედეგს მივაღწიეთ.
სოსო ფრუიძისათვის ეს ტიტული 10 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ საჩხერეში პირველია, თუმცა ამ სპეციალისტმა ერთ-ერთი სტაბილური გუნდი ჩამოაყალიბა “ჩიხურას” სახით.
სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ ის კლუბს 10 წლის განმავლობაში ასე კარგად წვრთნიდა ნამდვილად იმსახურებდა ამ ტიტულს. ბატონი სოსო ფრუიძის დამსახურებაა, რომ “ჩიხურა” წლების მანხილზე თავის სათქმელს ყოველთვის ამბობდა გასაოცარ შეხვედრებში გამარჯვებით, მათ რიგს გუშინდელი მატჩიც შეემატება.
როგორც ჩვენთვის ცნობილია, კლუბთან ხელშეკრულების ვადა ამოგეწურათ, რას იტყვი თქვენს მომავალზე?
ჯერჯერობით, მსგავს თემებზე საუბრისგან თავს შევიკავებ, ამ მომენტში ჩემს მომავალზე საუბარი არ შემიძლია.